მონაცემთა ბაზა

მოსახლეობის დამოკიდებულება სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი საქართველოში

კვლევის მიზანი და ამოცანები
მოცემული კვლევა მიზნად ისახავდა საბაზისო მონაცემების მოპოვებას ქვეყანაში არსებული სოციოპოლიტიკური საკითხებისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ. ეს საბაზისო კვლევა მოიაზრება, როგორც საფუძველი მომავალი კვლევებისთვის ამ მიმართულებით.
კვლევის მიზნის შესაბამისად, დასმულ იქნა შემდეგი ამოცანები:

  • როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას უჭერს მხარს;
  • როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და როგორ ესახება სამომავლო პერსპექტივები;
  • რაში ხედავს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების და ოპოზიციის მიღწევებს და წარუმატებლობებს;
  • როგორ ესახება საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები;
  • როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა მასმედიის როლს პოლიტიკური საკითხების გაშუქებასა და ამომრჩეველთა პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებაში;
  • როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ეკლესიის როლს და ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, კერძოდ, დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობას და რამდენად შესაძლებლად მიაჩნია ამ ურთიერთობათა დაბალანსება.

კვლევის მეთოდოლოგია 

კვლევა ჩატარდა მასობრივი გამოკითხვის მეთოდით 2012 წლის 1-20 თებერვალს. 

პოპულაცია 

გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა 18+, შერჩევაში მოცულია საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობა, გარდა ოკუპირებული ტერი¬ტო¬რიაზე მცხოვრები მოსახლეობისა.

შერჩევის ჩარჩო

შერჩევას საფუძვლად დაედო სტატისტიკის დეპარტამენტში არსებული 2010 წლის საარჩევნო ბაზა. ამ ბაზის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია რეგიონის, დასახლების ტიპისა და დასახლებული ტიპის ზომის მიხედვით.

შერჩევის ზომა

გამომდინარე კვლევის მოთხოვნიდან, რომ რეგიონების დონეზე გვქონდეს ინფორმაცია მაღალი სიზუსტით, კვლევის ზომა განისაზღვრა 8463 რესპონდენტით. ანკეტები გადანაწილდა სტრატებში მოსა¬ხლეობის პროპორციულად. გამოპასუხება შეადგენს 81%-ს ანუ 6839 დასრულებულ სტანდარტიზებულ ინტერვიუს.

შერჩევის ცდომილება

შერჩევის ცდომილება ქვეყნის მასშტაბით არ აღემატება 1.5%-ს, თბილისში - 4%-ს, თითოეულ რეგიონში კი - 5%-ს, 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. (confidence interval)

შერჩევის პროცედურა

მოცემული კვლევისთვის გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების რეპრეზენტატულობას როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული რეგიონების მასშტაბით. შერჩევის პირველ ეტაპზე მომზადდა იმგვარი მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების სია, რომელთა შესახებ უახლესი დემოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი. ამგვარ პირობას აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო-ტერიტორული დაყოფა. 365 საარჩევნო უბანი ანუ კლასტერი, რომელიც წარმოადგენდა შერჩევის პირველად ერთეულს, გადანაწილდა 13 გეოგრაფიულ ერთეულს/რეგიონს ანუ სტრატას შორის.
წარმოდგენილი 13 სტრატა მოიცავს შემდეგ რეგიონებს: თბილისი, თბილისის აგლომერაცია, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე, ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, აღმოსავლეთის მთიანეთი და დასავლეთის მთიანეთი.

თითოეულ სტრატაში ანუ რეგიონში მოხდა შესაბამისი კლასტერების ანუ შესარჩევი საარჩევნო უბნების რაოდენობის განსაზღვრა ალბათური წესით. კლასტერების შერჩევა განხორციელდა მათი მოცულობის (კლასტერში შემავალი ადამი¬ანების რიცხვის) პროპორციულად (PPS - Probability Proportional to Size). შერჩევის მეორად ერთეულს წარმოადგენს ოჯახი. ოჯახების შერჩევა კლასტერში განხორციელდა ე.წ. „შემთხვევითი ხეტიალის" მეთოდით. შერჩევის საბოლოო ერთეულს წარმოადგენს რესპონდენტი. რესპონდენტის შერჩევა ოჯახში განხორციელდა „კიშის ცხრილის" გამოყენებით.

კვლევის კონფიდენციალურობა

რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფომაციის კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონით სტატისტიკის შესახებ. ამ კანონის თანახმად, მიღებული ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია მკვლევართა გუნდის ფარგლებს მიღმა რესპონდენტის თანხმობის გარეშე. კვლევის შედეგების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ შეჯამებული მონაცემების სახით და მასში ნახსენები არაა სახელები ან რესპონდენტთა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. ასევე შეუძლებელია რესპონდენტის ვინაობის დადგენა მონაცემთა ბაზიდან.

ინტერვიუერებისა და ზედამხედველების ტრეინინგი

მონაცემთა შეგროვებაში ჩართული იყო რვა ზედამხედველი და 194 ინტერვიუერი. ინტერვიუერის შეცდომების შემცირების მიზნით თითოეულ ინტერვიუერს შეეძლო არაუმეტეს სამ უბანზე მუშაობა. კვლევის დაწყებამდე, ინტერვიუერებისა და ზედამხედველებისათვის ჩატარდა 10 ტრეინინგი.

არგამოპასუხება

ინტერვიუერებს მიეცათ მკაცრი ინსტრუქცია შინამეურნებოებისა და რესპონდენტების შერჩევასთან დაკავშირებით. მათ არ ჰქონდათ შერჩეული შინამეურნეობის ან რესპონდენტის ჩანაცვლების უფლება. კითხვარის შევსების მიზნით, ინტერვიუერს თითოეულ შერჩეულ შინამეურნეობაში სამჯერ სტუმრობა ევალებოდა. თითოეული ვიზიტის შედეგი იწერებოდა ინტერვიუერის ფორმაში და შესაბამისი ინფორმაცია შედიოდა მონაცემთა ბაზაში.
ინტერვიუერი უნდა მისულიყო შინამეურნეობაში მეორეჯერ ან მესამეჯერ, თუ პირველი ვიზიტის დროს:

  • არავინ იყო სახლში
  • სახლში არ იყო შინამეურნეობის ზრდასრული წევრი
  • შერჩეული რესპონდენტი არ იყო სახლში
  • მოხდა შეთანხმება ინტერვიუს ჩატარების სხვა დღესა და დროზე

არგამოპასუხების მიზეზები

8,463 მცდელობიდან დასრულებული ინტერვიუთი დამთავრდა 6,839 (81%). საინტერესოა, რომ გამოპასუხებას აქვს მკვეთრად გამოხატული რეგიონული თავისებურებები: ყველაზე დაბალი გამოპასუხება თბილისში (48%) და ქვემო ქართლში (62%) აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მაღალი - სამეგრელოში (97%), სამცხეში, აჭარაში და დასავლეთის მთიანეთში (94% თითოეულ რეგიონში).
რეგიონების მიხედვით განსხვავდება არგამოპასუხების მიზეზებიც: თბილისში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა ორი მიზეზი: კარი ვინც გააღო ინტერვიუერს უარი უთხრა (28%) და ინტერვიუერს სახლში არც ერთი ვიზიტისას არავინ დახვდა (14%). თბილისის აგლომერაციაში მთლიანი არგამოპასუხების 10% იმ შემთხვევებზე მიდიოდა,როცა კარის გამღებმა პიროვნებამ ინტერვიუერი უარით გაისტუმრა, ხოლო ქვემო ქართლში არგამოპასუხების შემთხვევების 23% გამოიწვია ქართულის ან რუსულის უცოდინრობამ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

მონაცემების შეყვანა, გაწმენდა, შეწონვა და სტატისტიკური ანალიზი

შევსებული კითხვარები შეყვანილ იქნა SPSS-ის მონაცემთა ბაზაში, მათი შემდგომი დამუშავების მიზნით. მონაცემების SPSS-ის ფორმატში შეყვანის შემდეგ, განხორციელდა მათი წმენდის პროცედურები, შემდეგი სახის შეცდომების გასასწორებლად: კითხვებზე გადასვლების შეცდომა, შეყვანის შეცდომა, გამოტოვებული მონაცემები და ცვლადების ლოგიკური კონრტროლი. შედეგების აგრეგირების მიზნით, განხორციელდა მონაცემების შეწონვა. საბოლოოდ, კვლევის მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი ჩატარდა.

კვლევის შედეგი 

წარმოდგენილი კვლევა ყველაზე ფართომასშტაბური გამოკითხვაა სოციოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ათვლის ერთგვარ წერტილადაც შეიძლება იქცეს სამომავლო შედარებითი კვლევებისთვის. 2012 წლის 1 ოქტომბერს განხორცილებეული პოლიტიკური ცვლილების პირობებში ის საზოგადოების დამოკიდებულებების დინამიკაში განხილვის კარგ საფუძველს იძლევა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მონაცემთა ბაზა ღიაა ადგილობრივი და საერთაშორისო მოხმარებისთვის.

კითხვარი

კვლევის კითხვები

მონაცემები SPSS-ში

მონაცემები Excel-ში

კვლევის შედეგების ვიზუალიზაცია