ბლოგი

სასწაულები - პრაქტიკული კონცეპტუალიზაცია

სასწაულები - პრაქტიკული კონცეპტუალიზაცია

ოთახში რომ შემოვიდა კართან გაჩერდა. თმა მოუვლელი და ჭაღარა ქონდა. გრძელი, ხმარებისგან გაცვეთილი ქვედაბოლო კიდევ უფრო მეტ სისუსტეს მატებდა მის მოხრილ და გამხდარ სხეულს. ასაკოვანი მეგონა. მაგრამ სახეზე უკეთესად რომ დავაკვირდი მივხდი რომ ალბათ ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი თუ იქნებოდა.

„დილით გელაპარაკეთ. ის ვარ რომ გადმომამისამართეს."

მივხვდი ვინც იყო. და რატომაც მოვიდა ჩემთან. და ალბათ მასაც როგორც მრავალ სხვას, რომელიც ჩემთან მოდის სასწაულის იმედი აქვს რომელსაც ერთ დღეში მოვახდენ. რამდენიმე ჯადოსნური ფრაზით ყველაფერს დავავიწყებ, მოვუგვარებ და ნათელი მომავლის გარანტს შევუქმნი. დაე ნეტა შემეძლოს.. მაგრამ...

ოდნავ მივუახლოვდი და სავარძელში დაჯდომა შევთავაზე. ყოყმანობდა. ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა სურს. ბოლოს როგორც იქნა მორიდებით ამოიღო ხმა:

„ჩემი 5 წლის შვილი გარეთ დავტოვე, მელოდება. შეიძლება შემოვიყვანო? ხომ არ გამიბრაზდებით, ვერავის დავუტოვე. თან მშიერია."

მის ამ ნათქვამში ბევრი რამ ჩანდა. განსაკუთრებით ყური სიტყვამ  „გამიბრაზებით„ მომჭრა. ის რომ მას ხშირად „უბრაზდებიან" წინასწარ მითხრეს, მაგრამ მისმა ამ ფრაზამ, სადაც შიში ჩანდა და დაშვება იმისა, რომ მეც კი შეიძლება მას გავუბრაზდე ძალიან თვალსაჩინო გახადა ინტენსივობა იმისა თუ რამდენად ხშირად „უბრაზდებოდნენ."

წინასწარ ვიცოდი, რომ ყოველ ღამე მისი „გაბრაზებული" ქმარი სამაგალითოდ სჯიდა და „ მოთმინებისა" და „ მორჩილებისკენ" მოუწოდებდა. რამდენჯერმე ისე „გაუბრაზდა" რომ საავადმყოფოში მოხვდა, მრავლობითი დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში. ბავშვის შესახებ არაფერი ვიცოდი და არც არავის უთქვამს ამ „გაბრაზებებმა" რა გავლენა იქონია მასზე. დარწმუნებული ვარ ვიღაც აუცილებლად მეტყვის - კი მაგრამ რა საჭიროა კითხვა ან თქმა, ისედაც ხომ ცხადია, რომ თუ ბავშვი ძალადობის შემსწრეა, კარგად ვერ იქნება. ალბათ ბევრი იმასაც იტყვის და იმ ფაქტსაც დაუშვებს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტაბილური და მდგრადი ვერ იქნება. ვეთანხმები. სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ...

მაგრამ იქამდე, ვიდრე მხოლოდ ვვარაუდობთ, თუ რა გალენას ახდენს ოჯახში ძალადობა ბავშვზე, ბავშვი ოჯახში ძალადობის პრობლემის კვლევისას არა ცენტრალური, არამედ მე-N ხარისხოვანი ფიგურა იქნება. მე კი მიმაჩნია რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ბავშვზე ცენტრირება უნდა მოვახდინოთ.

შემოსასვლელის კარი გავაღე და პატარა გოგონა დავინახე, კედელთან იდგა, ცალ ხელში სათამაშო ეჭირა, მეორე ხელში კი სავარცხელი, რომლითაც გრძელ შავ თმას ივარცხნიდა. ჩემი ყურადღება მისმა პატარა ხელებმა მიიპყრო, რომლებზეც ნაიარევი ეტყობოდა. მრავლობითი დალურჯებები, აი ისეთი დარტყმის, ჩქმეტის და ხელების გადაგრეხის შემდგომ რომ ჩნდება ხოლმე. თავის ასაკთან შედარებით ტანით პატარა იყო, მაგრამ თვალები... მის თვალებში უძილობა, ტკივილი და შიში ჩანდა. ამღვრეული სკლერები დაღლილობის გარდა, შფოთვისა და ნერვული დაძაბულობის ხანგრძლივ მოთოკვაზე მეტყველებდა.

ჩემს დანახვაზე დაიმორცხვა, შეიშმუშნა და დედამისის ძებნა დაიწყო. ოთახში შემოვიპატიჟე. დედას კალთაში ჩაუჯდა. თავი მკერდში ჩაუდო და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. ცოტა ხანი სრულ სიჩუმეში ვაკვირდებოდი დედა-შვილს და ერთადერთი რა აზრიც მიტრიალებდა თავში ის იყოს რომ, ალბათ ყველაზე მეტად „სასწაული" ამ პატარა გოგონას სჭირდება. „სასწაული" რომ მოძალადე მამასთან დაკავშირებული მრავალი ტრავმული მოგონება სწორად გადაამუშაოს და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს. გაიზარდოს, განვითარდეს, სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს, ისე რომ წარსული ტრავმები, წარსულში გადატანილი ძალადობრივი მოპყრობა და წარსულიდან წამოსული საზარელი „იმიჯები" მის ცხოვრებაში არ იჭრებოდეს. ხოლო ეს „სასწაული"-კი შეგვიძლია ან ზეციური ძალების დახმარებით მოხდენილი საწაულების კატეგორიაში განვიხილოთ, ან კი მას ძალიან პრაქტიკული კონცეპტუალიზაცია გავუკეთოთ და რამდენიმე პრაქტიკული აქტივობებისგან შემდგარ ნაბიჯებად დავყოთ.

მე არ მჯერა ზეციური ძალებით მოხდენილი სასწაულების. თუმცა მჯერა იმის, რომ ამ პატარა, თვალებდახუჭული 5 წლის გოგონას მსგავსი უამრავი ბავშვისთვის, რომელიც ოჯახში ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლია, შესაძლებელია ძალებისა და რესურსების სწორი მობილიზებით სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფა მომავალში - ცხოვრების, რომელიც ტრავმული გამოცდილების დროულად და სწორად გადამუშავების შედეგად სასტიკი იმიჯებისა და სისასტიკიგან სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც თავისუფალი იქნება.

საქართველოში ოჯახში ძალადობა და ბავშვის ჩაგვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა ამ ეტაპზე არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ოჯახში ქალის ჩაგვრასა და ბავშვის ჩაგვრას შორის კავშირის დადგენაზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თუ მომსწრე ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოვლენაზე იქნებოდა ორიენტირებული.

არადა როგორი მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ბავშვებზე მორგებული სერვისები, რომლებიც ამ პრობლემასთან ბრძოლაში ჩართულმა ინსტიტუციებმა უნდა განახორციელონ.

იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ძალადობა მრავალჯერად, განმეორებად ძალადობრივ ქცევას მოიცავს, იზრდება ალბათობა,რომ საბოლოო ჯამში ოჯახში მცხოვრები ბავშვიც ძალადობის პირდაპირ მსხვერპლად იქცეს. თუმცა როდესაც ბავშვის თანდასწრებით ერთი მშობლის მიერ მეორის ჩაგვრა ხდება და ბავშვი ძალადობრივი მოპყრობის მომსწრეა, ეს ფაქტი არანაკლებ სერიოზული ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანის შემცველია ბავშვისთვის. ბავშვები, რომლებიც ძალადობის მომსწრენი არიან და ბავშვები, რომლებზეც უშუალოდ ხორციელდებოდა ძალადობა, ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და გართულებებს ავლენენ, როგორიცაა: შიში და დეპრესია, ინსომნია, ღამის კოშმარები, გართულებული ქცევა, როგორიცაა მაგალითად: ბულინგი, ტყუილის თქმა და სხვ. კვლევები ცხადყოფს, რომ ორივე ჯგუფის ბავშვებს ექმნებათ პრობლემები აკადემიურ მოსწრებასა და თანატოლებთან ურთიერთობისას. გარდა ამისა, ძალადობის მოწმე ბავშვებს, ისევე როგორც თავად ძალადობის უშუალო მსხვერპლ ბავშვებს, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამო დამოკიდებულება აქვთ ძალადობის მიმართ, ძალადობა კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ უალტერნატივო გზად მიაჩნიათ და ხშირად თავად ახორციელებენ ძალადობრივ ქცევას.

განვითარებული ქვეყნები ოჯახში ძალადობის პრობლემის კვლევისას და ამ პრობლემასთან ბრძოლისას აქცენტს არა მხოლოდ ქალებზე, არამედ ბავშვებზეც აკეთებენ. ხოლო ჩვენთან... რა ხდება ჩვენთან?! საკმარისია თუნდაც საგრანტო განაცხადების მოთხოვნებს გადავხედოთ და სიტუაციას დამატებითი კვლევა-ძიება აღარ სჭირდება. ყველა ეგრეთ წოდებული საგრანტო „CALL"-ი ქალებისა და ბავშვების საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნას ახდენს. გრანტი და შესაბამისად გრანდით დაფინანსებული კვლევაც (აბა საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა საქართველოში ხომ მსგავს საკითხებს სხვა არავინ აფინანსებს) ან მხოლოდ ქალთა მდგომარეობას ეხება, ან იმ ბავშვთა მდგომარეობას, ვინც პირდაპირ ძალადობის მსხვერპლია, და მეტწილად ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას. ძალადობით მიყენებულ ზიანსა და ძალადობის შედეგად მიღებულ გართულებებზე კი ნაკლებად ხდება ყურადღების გამახვილება.

ამასწინად სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს წავაწყდი სადაც ნახსენებია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი დედები ბავშვებთან ერთად ტოვებენ ოჯახს და მათი თანხლებით ხვდებიან სახელმწიფო სერვისებში. იმავე ანგარიშში ხაზგასმულია რომ სახელმწიფო თავშესაფრები არასრულწლოვანთათვის დამატებით გარემოებებს და სერვისებს თითქმის არ ითვალისწინებენ, და შესაბამისად აუცილებელობას წარმოადგენს ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური სტანდარტების დანერგვა.

ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული სპეციალური სტანდარტები! რთული წინადადებაა როგორც ასეთი, თუმცა მაინც და მაინც რთული განსახორციელებელი არ უნდა იყოს - სწორად, თანმიმდევრულად და სტრუქტურირებულად თუ დაიგეგმა მთელი ეს პროცესი.

ახლა უცებ ვინმემ რომ მკითხოს როგორი უნდა იყოს კონკრეტული სერვისი, რა თქმა უნდა ზუსტ პასუხს ვერ გავცემ. ჯერ არ ვიცი, მხოლოდ ვარაუდი მაქვს. ე.წ. ჰიპოთეზა იმის თაობაზე თუ რა ტიპის სერვისები ესაჭიროებათ ოჯახში ძალადობის პირდაპირ თუ ირიბ მსხვერპლ ბავშვებს. იმისთვის რომ ზუსტი პასუხი მქონდეს კონკრეტულად თუ ვინ, როგორი, რა ტიპის, რამდენი, რა ასაკზე, და რა მიმართულებით უნდა შეიმუშავოს, შესთავაზოს, განახორციელოს და ა.შ. ეს სერვისები კვლევაა საჭირო. დიახ, კვლევა!

სამწუხაროდ (ჩემი დაკვირვებით) ეს საკითხი ჯერ ჯერობით აქტუალური არაა, თუმცა ვიმედოვნებ რომ ამ პრობლემაზე სერიოზული ფიქრი და მუშაობა ზეციური ძალების კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული და ნელ-ნელა საერთაშორისო დონორები, სამოქალაქო საზოგადოება და ეგებ სახელმწიფოც ( სახელმწიფოს აქტიურობა ალბათ მაინც ზეციურ ძალებზე იქნება დამოკიდებული) პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, რომ საჭირო კვლევებით, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობებითა და ნაბიჯებით ე.წ. „პრაქტიკული სასწაულების" მოხდენა შევძლოთ.


 

ბლოგი