ბლოგი

„Girlfriend-თან სექსი შეიძლება! შეყვარებული წმინდაა, მაგას ვერ კადრებ იმას რასაც Girlfriend-ს!" ეს ფრაზა ჩემს ერთ რესპონდენტს ეკუთვნის. ახალგაზრდა მამაკაცია, თბილისში დაბადებული და რამდენიმე წლის წინ ფოკუს ჯგუფში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქართველი ახალგაზრდების გენდერული რწმენა-წარმოდგენების კვლევას ისახავდა მიზნად. მახსოვს ჩემი უკიდეგანო გაკვირვება, ამ ფრაზამ ხომ მთელი ჩვენი (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევართა გუნდს ვგულისხმობ) ჰიპოთეზა, იმის შესახებ რომ ახალგაზრდები უფრო გენდერულად მგრძნობიარენი არიან და უფროს თაობასთან შედარებით მეტი სენსიტიზაცია აქვთ მსგავსი საკითხების მიმართ, თავდაყირა დააყენა.

„ Girlfriend-თან სექსი შეიძლება!" დიდხანს ვაწვალე ეს ახალგაზრდა და კიდევ რამდენიმე ვინც მის აზრს იზიარებდა, რომ სიღრმისეულად აეხსნათ თუ რა განსხვავებაა ინგლისურ სიტყვა Girlfriend-სა და ქართულ სიტყვა - შეყვარებულს შორის. განსხვავება რათქმაუნდა შინაარსობრივ დატვირთვაში აღმოჩნდა. Girlfriend-ი ის ქალია, რომელსაც ცოლად არ მოიყვან, შვილებს არ გააჩენინებ და ზოგადად მასთან „სერიოზული" ურთიერთობის ანუ ოჯახის შექმნას არ გეგმავ.

თურმე „Girlfriend-თან ერთობი. ერთობა მამაკაცი და ეს „ Girlfriend-იც ერთობა. ვითომ რა არის ამაში ცუდი? მაგრამ როგორც ჩანს გართობა, სექსი და ინტიმური კავშირის შედეგად სიამოვნების მიღება ჯერ კიდევ ბევრ ქართველ მამაკაცს „უწმინდურ საქციელად" მიაჩნია ქალის შემთხვევაში. ამ და კიდევ დანარჩენი თორმეტი ფოკუს ჯგუფის შემთხვევაშიც, (რომელიც ერთი და იგივე პროექტის ფარგლებში - „ გენდერული თანასწორობის შესახებ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის, აღქმის და დამოკიდებულების კვლევა" იხ: http://css.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=23&info_id=822) ბევრი საინტერესო და გენდერულად სტერეოტიპული მისაზრება გაჟღერდა, რომელმაც ხელი ჩაგვაქნევინა იმ აზრზე რომ ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა დადებითად იმოქმედა ქართველი ახალგაზრდების გენდერულად სენზიტიურ რწმენა-წარმოდგენებზე.


ასხვადასხვა გენდერული საკითხის მიმართ რესპონდენტების დამოკიდებულებებიდან, ამჯერად მხოლოდ ქალის სექსუალურ უფლებაზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ყველაზე კრიტიკული და ყველაზე მეტი რესპონდნეტის გენდერულად დეტერმინირებული, პატრიარქალური შეხედულებები ამ საკითხს ერგო. გარდა ამისა ეს ის ერთერთი მწვავე საკითხია, რომლის განხილვისას ქართველების ძალიან დიდი რაოდენობა ქალებს სტერეოტიპულ ჩარჩოში ამწყვდევე, ქცევის ნორმებს უდგენს და ნორმების დარღვევის შემთხვევაში მათ „ჭეშმარიტი ქალის" სტატუსს ართმევს და როგორც ვხედავთ Girlfriend-ის იარლიყს აკრავს.


ფაქტია რომ კაცები სხვადასხვა საშუალებით (და ხშირად ადამიანის უფლების შემლახავი საშუალებით) ცდილობენ პატრიარქალური წყობის შენარჩუნებას. ერთერთი ასეთი საშუალება - ბერკეტი, რომელიც „ქალებს არასწორ გზაზე დადგომისგან გვიცავს" ქალის სექსუალური უფლების რეგულაციაა.
ჩვენს მიერ განხორციელებული ფოკუს ჯგუფების მონაწილეთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალების „მოკრძალებულობის" დაკარგვა და მათი სექსუალურ თავისუფლებაში ჩართვა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებსა და კულტურას. გენდერული რწმენები, რომლებსაც კონკრეტული კვლევის მონაწილეები იყენებდნენ, ზღუდავს ქალის სექსუალურ ავტონომიას და სექსუალურ შეზღუდვებს ემხრობა. უფრო მეტიც, რესპონდენტების ნააზრების ანალიზისას ჩვენთვის თვალსაჩინო გახდა ისიც რომ საკმაოდ ბევრი მონაწილე ეროტიულობას აუცილებლად რეპროდუქციულ ფუნქციებს და/ან სიყვარულს უკავშირებს, ამასთანავე სრულად უგულველყოფს ქალის, როგორც როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ინდივიდის სურვილი! აი იმ სურვილს, რომელიც Girlfriend-ს „შეყვარებულისგან" განასხვავებს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რო სიამოვნების ცნება და სექსის პოსტმოდერნული გამოყენება არ ფიგურირებს ქართველი რესპონდენტების ქალების სექსუალობასთან დაკავშირებულ დისკურსში. მაშინ, როცა კაცებს აქვთ უფლება ჰქონდეს სექსუალური აქტი მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის. ამის გარდა ფოკუსჯგუფების მონაწილეები დედობას ქალობასთან აიგივებდენ და, შესაბამისად, ქალის არსს დედობაში ხედავდენ. და თავისი ამ მიდგომით სრულიად გამორჩენილი ყავდათ თვალთახედვის არეალიდან უშვილო ქალები, რომლებიც დედობის ცნების მიღმა დგანან და, შესაბამისად, იმთავითვე ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში მარგინალიზირებულები ხდებიან. ალბათ უშვილო ქალებსაც - Girlfriend-ებად მოიხსენიებდნენ და ვინ იცის რამდენ ხანს მოიხსენიებენ კიდეც.