ბლოგი

ქალთა დუმილი

მარიამ ამაშუკელი

ორი დღის წინ პატარა გამოთვლებს ვაწარმოებდი...

მაშ ასე:

 5 თვის განმავლობაში Facebook- ის ღია ჯგუფში, რომლის სახელწოდებას რამდენიმე სტრიქონის შემდეგ შეგატყობინებთ, გაწევრიანდა სულ 377 „მემბერი"; მათგან  270 ქალი, დანარჩენი 107 კი -კაცი.

მეტ-ნაკლებად აქტიური წევრების რაოდენობა სულ 15;  მათგან 11 მდედრობითი სქესის, დანარჩენი 4 კი- მამრობითის.

აღნიშნული ჯგუფის თემატიკა არ ეხება კულინარიას, არც ბავშვთა და მეძუძურ დედათა ჯანმრთელობას, არც იმას, თუ  „რა სურთ ქალებს?", არამედ გენდერულ ძალადობას, როგორც სოციალურ პრობლემას  (და აი, ზევით ხსენებული ღია ჯგუფის სახელწოდებაც).

აქტიური „მემბერების" მწირი რაოდენობიდან გამომდინარე მეტად სავარაუდოა, რომ უმრავლესობა ისევე „ავტომატურად" გაწევრიანდა ჩვენს ჯგუფში, როგორც სხვა მრავალში; არც იმას გამოვრიცხავ, რომ  „Notifications"  საერთოდაც გამორთული აქვთ  „ზედმეტი"  ინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით.

ასეა თუ ისე, ინდიფირენტული დამოკიდებულება მძვინვარებს. 

თუმცა, მაინც არ მასვენებს ერთი კითხვა: რატომ დუმან ქალები? რადგან, სწორედ, ქალები არიან დღეს საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და მეტწილად, ოჯახის წევრი კაცების მხრიდან (ქმარი, ძმა, მამა..), რაზეც არაერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს. მაგალითად, 2010 წლის  „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში", რომლის თანახმად 15-49  წლამდე  2391 გამოკითხული ქალიდან, რომლებიც ოდესმე ყოფილან გათხოვილნი ა) ყოველი მეთერთმეტე არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და ბ) 34.7%-ს რამდენჯერმე მიუღია სხეულის დაზიანებები. ასევე, შსს-ს კვლევის მიხედვით 2007-2011 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა 973 ოჯახში ძალადობის ფაქტი,- მოძალადის სახით დაფიქსირებულია 887 კაცი და 89 ქალი, ხოლო მსხვერპლის სახით რეგისტრირებულთა შორის  904 ქალია.

მიუხედავად ამისა, ქალები მაინც დუმან! ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად დუმან ჩვენი ღია ჯგუფის წევრი ქალები. ბოლო დროის მართლაც რომ საზარელი მოვლენა იყო  16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაში იმიტომ, რომ ქმარს ის არაქალიშვილი „ეგონა". ამ პოსტზე ჩვენს ჯგუფში მხოლოდ რვა კომენტარი დაფიქსირდა და აქედან ოთხი ჩემი იყო, ერთი იყო ჯგუფის მეორე ადმინისტრატორის, კიდევ ერთი ჩემი გენდერულად სენზიტიური ჯგუფელის უნივერსტეტიდან და ორიც ჩვენი მეგობარი ბიჭის (ეს უკვე სიხარულია!).

პრობლემა არსებობს და  დღეს, საქართველოში  ქალებზე, სხვადასხვა სახით და ფორმით ძალადობენ.  თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად ინფორმირებულია გენდერულ ძალადობაზე ერთი მხრივ საზოგადოება და მეორეს მხრივ, თავად ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც ხშირად არ იცის, რომ შანტაჟით, ულტიმატუმებით, ლანძღვა-გინებით  დაწყებული, რკინა-ბეტონით ცემით დამთავრებული ძალადობაა.  ვინაიდან, ბევრს უბრალოდ არ ესმის რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა თავისთავად,  მრავალს ჰგონია, რომ გენდერული თანასწორობა დღეს საქართველოში ისედაც დაცულია ან სიცილით მპასუხობენ, რომ „მეშოკების" თრევა თუ გინდა, კი ბატონო, მე არ მაქვს პრობლემაო. ამასწინათ, ერთმა გოგომ მითხრა ეს გენდერული უთანასწორობა თითიდან გამოწოვილი თემააო,- აგერ, ჩემს ოჯახში, ჩემს ირგვლივ, მსგავსი არაფერი ხდება და მეც ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავსო (თან ფონად ე.წ. game-show „ქალური ლოგიკა" მიმდინარეობდა „იმედის" ეთერში). ასე რომ, მრავალი ჭრის და კერავს მხოლოდ საკუთარი „სამოძრაო კვადრატის" მიხედვით და მათ შორის გენდერულ დისკრიმინაციასთან მიმართებაშიც, რაც ჩემის აზრით ისევ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება და არა მხოლოდ პატრიარქალურ კულტურულ პატერნებს ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ იყო შემთხვევა, როდესაც ჩემს მდედრობით მეგობარს ჩავეძიე, რატომ არ აქტიურობ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზეთქო და მიზეზად  ჯგუფის სხვა წევრების „ცუდი" კომენტარები დაასახელა საეკლესიო პირების გენდერულად არასენზიტიურ მოსაზრებებზე ქალის და კაცის ურთიერთობების, გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯგუფის კედელზე ვპოსტავდით.  მაინც შევეკითხე, თავად თუ უნახავს რომელიმე ვიდეო და/ან  მოუსმენია ქადაგებების შინაარსი, თუმცა, ამაზე პასუხი ის იყო, რომ კომენტარებმა იმდენად დიდი გაღიზიანება გამოიწვია (მასში და მის მეგობრებშიც), რომ ვიდეო საკუთარი თვალით აღარ უნახავს.

ასეთი შეფასებები სულ უფრო მიმყარებს მოსაზრებას, რომ ქალთა მასიურად დუმილის ორი მთავარი მიზეზი არსებობს: ა) არაინფორმირებულობა და ბ) მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლობა, კერძოდ კი „გადახრა" ღმერთის რწმენიდან „ანაფორიანთა" რწმენისკენ რაც გენდერულად სენზიტიური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას ფაქტობრივად კლავს. აი, ასეთ ფონზე რატომ უნდა გაუჩნდეს მავანს სურვილი გაერკვეს რა და როგორ, თუ „ასეთები მის ირგვლივ არ ხდება"  და/ან ეს სოციალურ-კულტურულ ნორმად არის მიჩნეული;  მეორეს მხრივ კი, თუ გენდერული თანასწორობა ქართულ, მაშასადამე მართლმადიდებლურ ტრადიციებს და ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის იმიტომ, რომ ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა და მერე ევა და ისიც, ადამის ნეკნისგან. მითუმეტეს, რომ 1058 გამოკითხული ინდივიდიდან 65.9%-სთვის (და მათგან 55.3% არის 18-24 წლამდე ახალგაზრდა) ქრისტიანობა უფრო მეტად წარმოადგენს თვით-იდენტურობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა („თაობები და ღირებულებები", 2012).

პირადად  ჩემთვის, ქალების პასიურობა უფრო შემაძრწუნებელია, რადგან ნებით თუ უნებლიეთ, ქალები  ხდებიან ქალების დისკრიმინაციის ხელშემწყობნი საქართველოში. და ეს მხოლოდ ჩემი მიგნება არ არის,- ისევ და ისევ, 2010 წლის „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში" შედეგებით გამოკითხულ  ქალთა 50.7% ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;  44.9%-ს სწამს, რომ აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი; 34.1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს;  16.0% კი მიიჩნევს, რომ ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს.

ხშირად გვესმის ისიც, რომ ოჯახი პრივატული სივრცეა და რაც ოჯახში ხდება სახლის ზღურბლს არ უნდა გასცდეს. ალბათ, უნდა გაიმიჯნოს რეალურად პრივატული და სოციალურად პრობლემური მხარეები. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი იქნება იმ ადამიანის (ორივე სქესის) გენდერული წარმოდეგენები თუ დამოკიდებულებები, რომლის მშობელიც ზევით ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება; განსაკუთრებით კი დედა გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ოჯახებში ბავშვის ფსიქო-სოციალური თუ კულტურული აღზრდის საქმეში „გამწევი ძალა" სწორედ დედაა და არა მამა,- ის ე.წ. შემომტანია (თუმცა, ხშირად არც!)

ფაქტია, რომ ქალიც და კაციც, დიდიც და პატარაც, პატრიარქალური მიკროელემენტებით გაჟღენთილ ჰაერს ვსუნთქავთ, სადაც ქალისთვის სუბორდინაცია ნორმად ითვლება; შეიძლება, საზოგადოებამ ქმრის მიერ ნაცემი ცოლი გაამტყუნოს და თქვას, რომ დამსახურებულად მიიღო, საერთოდ არ ქონდეს გაგონილი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის შესახებ და ა.შ. მაგრამ, მუდმივად პატრიარქატით და კონსერვატორული ღირებულებებით ვითარების ახსნა-განმარტება რეალურ ცვლილებებს ვერასოდეს მოიტანს. ისევ და ისევ, ქალებმა უნდა გავხსნათ პირი და დავარღვიოთ მდუმარება, რომელიც წყალს მხოლოდ გენდერული უთანასწორობის და დისკრიმინაციის წისქვილზე ასხამს.