ბლოგი

უჩინარი ბავშვები

სოფო ვასაძე

"უჩინარი" პრობლემები

ეს ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე ... მახსოვს, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ,,უჩინარი ბავშვები’’. სათაურიდან ჩანს, რომ ფილმი დაუცველ ბავშვებზეა, რომლებიც სხვადასხვაგვარი ფორმის ძალადობის მსხვერპლნი არიან, ისინი იბრძვიან თვითგადარჩენისთვის და მათი ბავშვობის წლები მუშაობაში, ქუჩაში, სიღარიბეში და საზოგადოების მხრიდან გარიყულობაში გადის.  ფილმი 2006 წელს გამოვიდა უცხოურ ეკრანებზე და შვიდ კინონოველას მოიცავს. ცნობილი რეჟისორები ემირ კუშტურიცა, სპაიკ ლი და სხვები გამოხატავენ დამოკიდებულებას საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი - სოციალურად დაუცველი ბავშვები, მათი ყოფა ოჯახში, სკოლაში, ძალადობა თანატოლების მხრიდან, დევიაციური ქცევა, ბავშვი, როგორც პიროვნება, რომელიც იმის გამო, რომ პატარაა, რატომღაც მივიწყებულია, უჩინარია. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შვიდი რეჟისორი განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს ერთიდაიგივე პრობლემატიკას, რაც ფილმს მულტიკულტურულ კონტექსტს ანიჭებს...  http://www.youtube.com/watch?v=dfDbM7XrF4Q

ფილმში გაშლილი თემები,  სამწუხაროდ, არცთუ ხშირად შუქდება საქართველოში და პოლიტიკურ დისკურსში საკმაოდ არაპოპულარ თემადაც  შეიძლება ჩაითვალოს ... ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა, მათი აღზრდა და პიროვნებებად ჩამოყალიბება საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი საგანი უნდა იყოს, თუმცა ქართულ სივრცეში ამ საკითხებისადმი გულგრილობა ნამდვილად შეინიშნება.  ჩემი დაკვირვებით, მედიაში ძირითადად აშუქებენ ისეთ აქტიობებს, რომლებსაც პოლიტიკოსები ან სხვადასხვა ორგანიზაციები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე  ახორციელებენ, მაგალითად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გადასცემენ ბავშვთა სახლებს ტკბილეულს, სახატავ რვეულებს და ა.შ.  

ბავშვებთან დაკავშირებული სტატისტიკა (2009-2011წწ) ძალიან შემაშფოთებელია. Unicef-ის მონაცემებით საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სოციალურად დაუცველია და სიღარიბეში ცხოვრობს, ამ ბავშვების რაოდენობა 77 ათასს აღწევს (!) http://ghn.ge/news-71112.html.

იუნისეფი აპირებს სამომავლოდ მეტი ფინანსური დახმარება გაწიოს 16 წლამდე ბავშვებისთვის და გამოყოს 30 ლარი თითოეულ ბავშვზე. მაგრამ ჩნდება კითხვა,  რამდენად შეცვლის დახარჯული  30 ლარი რეალურად ბავშვების მდგომარეობას?!  გამოყოფილი თანხა, სავსებით შესაძლებელია  კონკრეტული ბავშვის  საჭიროებებზე სულაც არ დაიხარჯოს, გამომდინარე ბავშვის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ ამგვარი დახმარება, ჩემი აზრით, ისევ და ისევ ერთჯერადი ხასიათის იქნება და სიტუაციის გაუმჯობესებაზე ვერ იქნება მიმართული.

ბავშვების და მათი ოჯახების ეკონომიკურ სიდუხჭირეს ემატება საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ასევე იუნისეფის კვლევის მიხედვით, რომელიც 2007 წელს ჩატარდა გამოვლინდა, რომ "მშობლებმა ბავშვთა 79,8% დასაჯეს ფიზიკურად და 82,3% - ფსიქოლოგიურად.
რესპონდენტთა მეხუთედზე მეტმა (21,5%) განაცხადა, რომ არაერთხელ ჰყავს ნაცემი ბავშვი. რვა რესპონდენტმა აღიარა, რომ სცადეს ბავშვის დახრჩობა ან მოგუდვა, ხოლო ექვსმა - ბავშვის დაწვა." http://liberali.ge/ge/liberali/articles/111247/.

ინტერნეტში მასალების ძიების პროცესში ასეთ კვლევას გადავწყდი - ,,საზოგადოების დამოკიდებულება მოზარდთა აგრესიისა და ძალადობის მიმართ’’ (2008 წლის თებერვლის მონაცემები რაოდენობრივი კვლევის ანალიზი,  სამწუხაროდ არ არის მითითებული თუ ვინ ჩაატარა კვლევა, სავარაუდოდ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურამ). კვლევაში გამოიკითხა 1000 რესპონდენტი  http://www.parliament.ge/files/1113_18770_939753_Durglishvili.pdf.  

2008 წელს ჩატარებული კვლევიდან  რამდენიმე შეკითხვას გამოვყოფდი გასაანალიზებლად.

თქვენი აზრით, ვინ/რომელი სოციალური ინსტიტუტი შეძლებს მოზარდთა აგრესიისა და ძალადობის პრობლემის მოგვარებას?

რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, ამ პრობლემას გადაწყვეტს მთელი ოჯახი - 43,3% და ეკლესია - 31%; სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების პროცენტული წილი ასე ნაწილდება:

  • სკოლა- 4,5%
  • მასწავლებლები - 0,3%
  • სახელმწიფო - 5%
  • სამართალდამცავი ორგანოები - 3,2%
  • მასმედია- 0,8%
  • განათლების სამინისტრო - 0,5%

საზოგადოებას არ აქვს გაცნობიერებული,  რომ ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია  ქვეყანაში კეთილდღეობის და სამართლიანობის მისაღწევად. საზოგადოებრივი ინსტიტუტების ჩართულობა ამგვარი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში აუცილებელია.  შესაბამისად, წინა კითხვიდან გამომდინარე, მოზარდებში ძალადობის და აგრესიის პრობლემას მხოლოდ ოჯახი ვერ მოაგვარებს, რადგან მოზარდის პრობლემები სკოლას, მასწავლებელებს და სახელმწიფო სტრუქტურებსაც ეხებათ.  როგორ შეძლებს ოჯახი მოაგვაროს მოზარდის პრობლემები, როდესაც იმავე კვლევაში, გამოკითხულთა 74,7% მიიჩნევს, რომ მათ არ აქვთ სათანადო სახსრები, რომ იყიდონ ყველაფერი რაც ბავშვებს სჭირდებათ.

საქართველოში ითვლება, რომ გარკვეული მოვლენები საზოგადოებაში ღიად არ უნდა გაჟღერდეს - "ოჯახის საქმეები ოჯახში უნდა დარჩეს", ამას კი ადამიანის უფლებები ეწირება. ჩემი ჰიპოთეზა, რომ პრინციპი ,,ოჯახის პრობლემები ოჯახის გარეთ არ უნდა გავიდეს’’ რამდენიმე  კითხვამ დაადასტურა -

  • გამხდარა თუ არა თქვენი ოჯახის რომელიმე ბავშვი სხვა ბავშვის აგრესიის/ძალადობის/ დანაშაულის მსხვერპლი? 98.5% - არა.
  • გამხდარა თუ არა სხვა ბავშვი თქვენი ოჯახის რომელიმე ბავშვის აგრესიის/ძალადობის/ დანაშაულის მსხვერპლი? 98,7% - არა.
  • გამხდარა თუ არა თქვენი ოჯახის რომელიმე ბავშვი ზრდასრული ადამიანის აგრესიის/ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი? 98,9%- არა.
  • გამხდარა თუ არა ზრდასრული ადამიანი თქვენი ოჯახის რომელიმე ბავშვის აგრესიის/ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი? 99.3% - არა.

ასეთი მაღალი პროცენტები ამ კითხვებზე, შესაძლოა აიხსნას გარკვეულწილად ადამიანისთვის  სოციალური სასურველობის პრინციპით, ადამიანებისთვის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან მათ უჭირთ გახსნილად უპასუხონ ასეთ ინტიმურ შეკითხვებს, საჯაროდ გამოიტანონ საკუთარი პრობლემები. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული ძალადობის ფორმების შესახებ, ბავშვის აღზრდის მეთოდების, მიდგომების, ბავშვთა უფლებების შესახებ.  ეს ჰიპოთეზა კი უკვე შემდგომმა კითხვამ გაამყარა:

ამ დიაგრამაზე კარგად ჩანს, თუ რამდენად არ არის ინფორმირებული საზოგადოება ძალადობის ფორმების შესახებ: წკმეტა, შენჯღრევა, დაყვირება, დაწყევლა(!!!), ბრძანება (!!!), თმის მოქაჩვა, შეგინება (!!!) და ა.შ. ძალადობის ფორმებია, მაგრამ გამოკითხულთა დიდი ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ ეს ბავშვზე/მოზარდზე ძალადობის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.

ძნელია განსაჯო მოსახლეობა, რომელიც არაა ინფორმირებული ამგვარი დელიკატური საკითხების შესახებ და ამავდროულად სოციალურად დაუცველია,  ესაუბრო მას ბავშვის უფლებებზე, რადგან საზოგადოებას არ აქვს ჯერ სათანადო მზაობა გადააფასოს საკუთარი ტრადიციული შეხედულებები. ბავშვი, თავისთავად, მისი ასაკიდან გამომდინარე ნაკლებად განიხილება,  როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელსაც  გააჩნია საკუთარი უფლებები. ამგვარი  მიდგომა, რომ უფროსები ყველაფერს სწორად აკეთებენ,  ბავშვებზე ჭკვიანები არიან და ამის გამო აქვთ უფლება  ბავშვი მკაცრად დასაჯონ, უხეშად მიმართონ, უბრძანონ და სხვ. ძალიან ფეხმოდგმულია ჩვენს საზოგადოებაში.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც კვლევაში გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ მედიაში გასული აგრესიის შემცველი სიუჟეტები, ფილმები ხელს უწყობს მოზარდებში აგრესიის გაჩენას და გაძლიერებას, პარალელურად მედიის როლს ამ პრობლემის მოგვარებაში მხოლოდ 0,8% აფასებს მნიშვნელოვნად.

ეს მონაცემიც   საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს - რა მექანიზმებით, რა მეთოდებით იქნება უფრო ეფექტური  საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა,  არ გვაქვს  გაცნობიერებული საკითხის მოგვარების გზების ძიების პროცესი.  ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე  ვინმემ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?! სახელმწიფო სისტემებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ინტელექტუალებმა, მედიამ, ეკლესიამ, უნივერსიტეტებმა, ან იქნებ  უმჯობესია კომპლექსურად ყველამ ერთად ...