პუბლიკაციები

"სოციალური კაპიტალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ: ეკლესია, მასმედია, საზოგადოება"

ნინო ჯავახიშვილი, მაკა ლორთქიფანიძე, ანა პეტრიაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვა

მოხსენება მომზადდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული გენდერის კვლევაში მე-4 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში

6 დეკემბერი, 2012

აბსტრაქტი:

წინამდებარე ნაშრომი ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ ასპექტს იხილავს, კერძოდ, გვაინტერესებს, რამდენად არის ჩართული სხვადასხვა აქტორი საქართველოში ამ პრობლემასთან ბრძოლაში. მოპოვებულ მონაცემებს სოციალური კაპიტალის თეორიის ფარგლებში განვიხილავთ.

სოციალური კაპიტალის თეორიის ავტორები ხაზს უსვამენ სოციალური კაპიტალის დამაკავშირებელ როლს იმ თვალსაზრისით, რომ ის ხელს უწყობს ინდივიდების, ინდივიდთა ჯგუფებისა და ინსტიტუციების დაკავშირებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაერთიანებასაც კი, გარკვეული მიზნის მისაღწევად. ისინი დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის ორ დონეს გამოჰყოფენ: მიკრო და მაკროს. მიკრო დონე აღწერს შიდაჯგუფურ, ხოლო მაკრო - სოციალურად ჰეტეროგენულ ჯგუფებს შორის კავშირებს. სოციალური კაპიტალის ამ ორი ფორმის პროდუქტიული თანაარსებობა მათი შედარებით თანაბარი განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი. ძლიერი შიდაჯგუფური კავშირები ასუსტებს ჯგუფის გარეთ და ჯგუფებს შორის კავშირებს, რაც, სოციალური კაპიტალის თეორიის მიხედვით, ნეგატიურად აისახება ქვეყანაში სოციალური კაპიტალის განვითარების დონეზე.

სწორედ მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალია საჭირო ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისათვის. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ პრობლემის კომპლექსური ხასიათის გამო, მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის სხვადასხვა აქტორის - სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციები, ეკლესია, მასმედია და ადგილობრივი საზოგადოება/თემი - გაერთიანებული ძალისხმევაა საჭირო. ყველა ეს აქტორი ქმნის სოციალურ კაპიტალს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ პროცესში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესწავლის მიზნით, საქართველოში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ აქტორებზე. სწორედ ამიტომ, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სოციალური კაპიტალის, კერძოდ, ეკლესიის, მასმედიისა და ადგილობრივი საზოგადოების/თემის როლის შესწავლას საქართველოში.

ზემოთ აღნიშნული აქტორების შესახებ ინფორმაცია მოძიებულ იქნა მედია პუბლიკაციების, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების, ამ ორგანიზაციების ვებგვერდების შესწავლის საფუძველზე. შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ეკლესია, მასმედია და ადგილობრივი საზოგადოება/თემი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხრის მიზნით. პირიქით, მათი საქმიანობა ამყარებს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს ოჯახსა და გენდერულ როლებზე, შესაბამისად, გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. ეს აქტორები ვერ აღიქვამენ ოჯახში ძალადობას სოციალურ პრობლემად და არ ცდილობენ მასზე რეაგირებას. გარდა ამისა, ამ საკითხზე ეკლესია, მასმედია და საზოგადოება არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, შესაბამისად, არ არის განვითარებული მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალი. ამავე დროს, სხვა კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში განვითარებულია მიკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალი, ეს კი, ხელს უშლის მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის განვითარებას, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოჯახში ძალადობის პრობლემასთან ბრძოლაზე.

საკვანძო სიტყვები: ოჯახში ძალადობა, სოციალური კაპიტალი, მიკრო და მაკრო დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალი, ეკლესია, მასმედია, საზოგადოება.