ოცნების ორი წელი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში

ანალიტიკური ნაშრომი

ს. ნილ მაკფარლეინი

http://www.chathamhouse.org/publication/two-years-dream-georgian-foreign-policy-during-2012-14-transition

  • 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიცია ქართულ ოცნებას უაღრესად რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკური გარემო დახვდა – განსაკუთრებით დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაბალანსების სირთულის თვალსაზრისით. პირველ წელს მთავრობის საგარეო პოლიტიკა ხასიათდებოდა გამოუცდელობითა და პროფესიონალიზმის ნაკლებობით, ასევე დაბნეულობითა და დისფუნქციურობით, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ძალაუფლების გაზიარებით.
  • თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და მისი საგარეო პოლიტიკაც თანდათანობით უფრო ეფექტური გახდა. 
  • პრაგმატიზმმა და ეკონომიკური საკითხების დეპოლიტიზაციამ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან გააუმჯობესა. თუმცა, 2008 წლის ომიდან გამომდინარე ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ნორმალიზების პროცესი მაინც შეზღუდული დარჩა. ამასთან, რუსეთი კვალავ წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს მისი უსაფრთხოების მოწყობის საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტაში.
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატება ბოლო ორი წლის განმავლობაში უმეტესწილად ეგზოგენური გარემოებების დამსახურებაა, რამაც დასავლეთსა და რუსეთს უბიძგა, საქართველოსთვის კარგი თვალით შეეხედათ. დასავლეთის უარყოფით დამოკიდებულებას სამართლიანობის აღდგენის დღის წესრიგის მიმართ ხელი არ შეუშლია საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაეფორმებინა და ნატოსთან ურთიერთობები გაეღრმავებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ეს პროცესი რუსეთის მხრიდან არსებითი წინააღმდეგობის გარეშე გაიარა.
  • თუმცა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობის საფუძველი ნაკლებია – ამ მიმართულებით კი, როგორც ჩანს არც მთავრობას გააჩნია ნათელი სტრატეგია.
  • საქართველოში განვითარებულმა საშინაო პოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა შეასუსტოს მთავრობის მონოპოლია საგარეო პოლიტიკაზე. მმართველი კოალიციის ერთობა რისკის ქვეშ დგას. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ცხადყოფს მოსახლეობის მზარდ ამბივალენტურ დამოკიდებულებას ქართული ოცნების მიმართ. საზოგადოება კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, თუმცა ეს მხარდაჭერა მცირდება.
  • რეგიონში მოსალოდნელი არასტაბილური მდგომარეობის ფონზე საქართველო მეტად მოწყვლადია. ამასთან, რუსეთის ზომიერად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს, რაზეც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების გაფორმება პირდაპირ მიუთითებს. არ არსებობს გარანტია, რომ დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენენ საქართველოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული პირდაპირი ზეწოლის შემთხვევაში.