უმაღლესი განათლება და დასაქმების ბაზარი

დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ბლოგი მომზადდა პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966].

დღევანდელ ბლოგში მინდა ერთ მნიშვნელოვან და ცოტაოდენ საკამათო საკითხს შევეხო – უმაღლესი განათლების კავშირს დასაქმებასთან. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რა არის ამაში საკამათოო და პასუხიც არ დააყოვნებს –  რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთანო. თუმცა, საკამათო მაინც არის, კერძოს კი ის, თუ როგორ, რა ხერხებით და რა ფორმით აქვს განათლებას კავშირი დასაქმებასთან:

  • ვალდებულია თუ არა უნივერსიტეტი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს და მოამარაგოს დამსაქმებლები სათანადო მუშახელით?
  • თუ ვალდებულია, რომ სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოამარაგოს შესაფერისი დასაქმების ადგილებით?
  • ან იქნებ სულ სხვა როლი აქვს და ჩვენი, საზოგადოების წარმოდგენები ამ ორ ინსტიტუციას შორის კავშირებზე ზოგადი და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მცდარიც კია?

ამ საკითხებზე განათლების მკვლევარები და სპეციალისტებიც მრავალი წელია დავობენ და განათლება-დასაქმების კავშირებზე, კერძოდ კი რა როლი უნდა ჰქონდეს განათლებას (ჩვენ შემთხვევაში – უმაღლეს განათლებას) დასაქმების ბაზრის განვითარებაზე ბევრი თეორია, კვლევა და მოსაზრება არსებობს. სპეციალისტთა (განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის თეორიის მიმდევრები) ნაწილი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ კურსდამთავრებულის დასაქმება წარმოადგენს და რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ინდივიდი თავის განათლებაში, მით უფრო მაღალშემოსავლიანი სამსახურის პერსპექტივა ექნება (Becker, 1994; Mincer, 1974). სხვათა შორის, 2017 წელს ცენტრმა კვლევაც კი ჩაატარა ამ საკითხზე, რომ გვენახა, რამდენად რეალისტურია ეს თეორია საქართველოს შემთხვევაში. მართლაც უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურს ჰპირდება ადამიანს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია? პასუხი ვრცლად ამ კვლევის ანგარიშში შეგიძლიათ იხილოთ: ამაშუკელი, მ., ლეჟავა, დ. და გუგუშვილი ნ. (2017). განათლების ამონაგები, დასაქმების ბაზარი და შრომითი კმაყოფილება საქართველოში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მოკლედ, კი აქვე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში შეიძლება მართლაც პირდაპირპროპორციული კავშირია განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასა და შემოსავლებს შორის, მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, განათლებას კავშირი არა მაღალ შემოსავლებთან, არამედ დასაქმებისუნარიანობასთან უფრო აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი განათლება გვაქვს, მით უფრო გვიმარტივდება სამსახურის შოვნა რადგან მით უფრო მომხიბვლელები ვხდებით დამსაქმებლისთვის, მაგრამ ჩვენი ხელფასი შეიძლება იმდენივე იყოს,  რამდენიც ჩვენზე შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მქონეს აქვს. აქვე ისმის კითხვა, დასაქმდება კი ადამიანი თავისი პროფესიით (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციით)?

განათლების მკვლევართა სხვა ნაწილის აზრით, უნივერსიტეტი დასაქმების ბაზარსა და მის მოთხოვნებზე დამოკიდებული ვერ იქნება; შესაბამისად, მისი მისიაა კურსდამთავრებული იმ ცოდნითა და ტრანსფერული (გამჭოლი) უნარებით აღჭურვოს, რომლებიც კურსდამთავრებულს დაეხმარება მარტივად ადაპტირდეს შრომის ბაზარზე, ან თავადვე შექმნას შრომის ბაზარი (Hyslop-Margison & Welsh, 2003; Corominas et al, 2010). ეს მოსაზრება პრინციპში გარკვეულწილად გამომდინარეობს კიდეც ადამიანური კაპიტალის განვითარების თეორიიდან და ფრიად საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ვახსენე, პროფესიით დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოს (და არა მხოლოდ) დასაქმების ბაზარი საკმაოდ ჰომოგენურია, შედარებით ნელა და მდორედ ვითარდება, იშვიათად იქმნება დასაქმების ახალი ადგილები და მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე შეიძლება საერთოდაც არ იყოს (ან ძალიან დაბალი იყოს), გვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – დავსაქმდეთ არა ჩვენი პროფესიით. შესაბამისად, ვიტყოდი რომ ეს მოსაზრება ტრანსფერული უნარების მნიშვნელობასა და ადაპტაციის უნარზე, სწორედ ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაა.

კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, უნივერსიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების პოტენციალი, რადგან სწორედ მის ბაზაზე ხდება იმ სამეცნიერო პოტენციალის აკუმულირება, რაც თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური განვითარების (და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების) საწყის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აკადემიას შეუძლია თავადვე იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მის წიაღში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტისა და პატენტების კომერციალიზაცია უზრუნველყოს. ამ პროცესში კი აქტიურად ჩართოს საკუთარი სტუდენტები და პრაქტიკაზე-დაფუძნებული სწავლების გზით აღჭურვის ისინი შესაბამისი არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით (Nelles & Vorley, 2010; Foss & Gibson, 2015). ყველა ზემოთაღნიშნული მოსაზრებიდანეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მომწონს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი მოსაზრების მიმდევრებიც არ უნდა ვიყოთ, ან თუნდაც სამივე მოსაზრებას ვიზიარებდეთ, ერთი რამ ცხადია – დასაქმების ბაზრისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება, უფრო კონკრეტულად კი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომბინაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 2004. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=83

Becker, G.S. (1994). Human capital: a theoretical and empirical analysis with special reference to education (3rd Edition). The University of Chicago Press (Original work published 1964 by New York: Columbia University Press)

Corominas E., Saurina C. & Villar E. (2010). The Match between University Education and Graduate Labour Market Outcomes (Education-Job Match). An analysis of three graduate cohorts in Catalonia. Barcelona: Catalan University Quality Assurance Agency

Foss, L. & Gibson, D.V. (2015). The entrepreneurial university. Context and institutional change. In L. Foss & D.V. Gibson (Eds.), The entrepreneurial University. Context and institutional change (pp. 1-17). London and New York: Routledge

Hyslop-Margison E. & Welsh B. (2003). Career Education and Labour Market Conditions: The Skills Gap Myth. The Journal of Educational Thought (JET) / Revue de la Pensée Éducative 37(1), pp. 5-21

Mincer, J.A. (1974). Schooling, Experience, and Earnings. New York: National Bureau of Economic Research.

Nelles, J. & Vorley, T. (2010). From Policy to Practice: Engaging and Embedding the Third Mission in Contemporary Universities. International Journal of Sociology and Social Policy  30(7/8), pp. 341-353. DOI 10.1108/01443331011060706.