მარინე ჩიტაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ბლოგი მომზადდა პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966].
ეს ბლოგი უკვე დაწერილი მქონდა, როდესაც მაისის The Chronicles of Higher Education ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუს გადავაწყდი. „იყო კოლეჯის პრეზიდენტი ძალიან ჰგავს სასაფლაოზე სიარულს. თქვენს ქვემოთ ბევრი ხალხია, მაგრამ არავინ გისმენთ“. თუ დევიდ ლეებრონი, 18 წლის განმავლობაში რაისის უნივერსიტეტის [აშშ, ტეხასი] წარმატებული პრეზიდენტი ამას ამბობს, ხომ წარმოგიდგენიათ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს რიგით პროფესორს საქართველოში სადაც ‘ზემოთ მრავალნი არიან’. როგორც იტყვიან ცდა ბედის მონახევრეა.
2004 წელს მიღებული უმაღლესი განათლების კანონით საქართველოში ახალი ინსტიტუციური მოწყობა ამუშავდა. აკადემიური ხარისხების გაცემა მხოლოდ უნივერსიტეტების პრეროგატივად იქცა [ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორი]. კანონი გარდამავალ დებულებებში მიუთითებდა, რომ სადოქტორო სწავლების დაფინანასება დაიწყებოდა 2007 წლის ბოლოდან, თუმცა მხოლოდ 2013 წელს დაიწყო, ისიც ნაწილობრივ.
სადოქტორო სწავლების დაფინანსების მრავალი მოდელის საპირწონედ ჩვენთან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. 2013 წლიდან დღემდე სულ 535 გრანტია გაცემული. საქართველოში 2022 წლის მონაცემებით კი 8,887 დოქტორანტია რეგისტრირებული. აქედან 3,803 მოქმედი, ხოლო 5,084 სტატუს შეჩერებულია.
დოქტორანტურისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას – რამდენი წელი უნდება დოქტორანტი სწავლის დასრულებას, როგორია დაცული დისერტაციების რაოდენობა და ხარისხი სხვადასხვა დარგების მიხედვით, რატომ არის დოქტორანტების მცირე რაოდენობა საბუნებისმეტყველო დარგებში მაშინ როდესაც სამეცნიერო პუბლიკაციების ლომის წილი ამ დარგებზე და მედიცინაზე მოდის და ა.შ – პირველი, რასაც ხელშემშლელად ფაქტორად ასახელებენ, ფინანსების ნაკლებობაა. დოქტორანტს თავად უწევს სწავლების დაფინანსება.
საქართველოში რომ მეცნიერება დიდად არ აღელვებთ იმაზეც გვეტყობა, რომ მასზე მშპ 0.3% იხარჯება მაშინ, როდესაც იმისათვისაც კი, რომ არსებული შევინარჩუნოთ, მშპ 1% მაინც უნდა იყოს მეცნიერებაზე გამოყოფილი.
აკადემიური ხარისხების უნივერსიტეტების მიერ გაცემა იმასაც გულისხმობს, რომ სამეცნიერო აქტივობისა და კვლევისათვის უნივერსიტეტებს დაფინანასება უნდა ჰქონდეთ. ერთ-ერთ ინდიკატორად დიდ ბრიტანეთში სამეცნიერო პროდუქციის/პუბლიკაციების რაოდენობასა და ხარისხს ითვლიან. ასე მაგალითად, თუ ორი უნივერსიტეტიდან ერთის სამეცნიერო პროდუქცია პირობითად 100 სტატია/პატენტია წელიწადში, ხოლო მეორესი კი – ნული, მაშინ პირველ უნივერსიტეტს უზრდიან დაფინანსებას, მეორეს კი ან უმცირებენ ან სულაც არ აფინანსებენ. ჩვენს შემთხვევაში კი სამეცნიერო პროდუქციის მიუხედავად ყველას ნული აქვს, ანუ არაფერი.
სადოქტორო სწავლების ძირითადი მიზანი ახალი, კრიტიკულად მოაზროვნე კონტიგენტის მიღებაა, რომელთაც ახალი იდეებით შეუძლიათ დარგის განვითარებაში წვლილი შეიტანონ და ვინ იცის, იქნებ გარღვევაც კი მოახერხონ. სხვა სიტყვებით, მეცნიერების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ‘ახალი სისხლის’ შემოდინებით. ეს არ ნიშნავს რომ მოქმედი პროფესურა ‘ჩამოსაწერია’. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ახალი თვალი და გამოცდილება [ძველი] იდეალური ტანდემია მეცნიერების, კვლევის, ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებისათვის. ეს ყველაფერი დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ის პრაქტიკაა, რომელიც ბოლო 30 წელია ჩვენთვის სულ უფრო და უფრო საოცნებო თეორიულ კონსტრუქტად რჩება, რომელსაც განათლების პოლიტიკის ყოველ დოკუმენტსა და რეგულაციაში სამომავლოდ გასაკეთებლად გადადებენ ხოლმე. და ვრჩებით ისევ ნულზე. ხოლო ნული რაზეც არ უნდა გაამრავლოთ, ისევ ნულს მი[ვ]იღებთ.
არგუმენტი, რომ ქვეყანას უჭირს და ამისათვის საჭირო ფინანსები არ არის, ძნელად მისაღებია. ამ არგუმენტმა ძალა დაკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო საშუალო მაღალი შემოსავლების ქვეყანა გახდა. გუშინ ისიც მოვისმინე, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 10%. ვისია ეს ქვეყანა თუ არა გონიერი ახლაგაზრდის, რომელსაც სურვილი აქვს იკვლიოს და ახალი ცოდნა შექმნას? ვის რაში სჭირდება ციფრები, რომლებიც აბსტრაქტულ წარმატებას აჩვენებს და არ აისახება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებაში? იპოვის ჭკვიანი ახლაგაზრდა ასევე ენთუზიასტ პროფესორს და 4 წელიწადში საოცნებო დისერტაციასაც დადებს. მერე აღმოჩნდება რომ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტები დაინტერესდებიან ახალი თავით და ისიც წავა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა იფიქროს, რომ არსებული სახით კონვენციურ დონეზე წარმოდგენილი დოქტორანტურა მხოლოდ ტვინების გადინებას უწყობს ხელს?!