პროფესორმა სტივენ ფ. ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (საქართველოს სოციალური დემოკრატია ოპოზიციასა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს, 1918-1921 წწ.) მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისგან 1984 წელს. ასწავლიდა კალიფორნიის, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და წმ. ენთონის კოლეჯის ასოცირებული წევრი, ოქსფორდი უნივერსიტეტი. 1989 წლიდან ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, აშშ. პროფესორი ჯონსი არის 70-მდე სამეცნიერო სტატიის და ნამუშევრის ავტორი საქართველოს შესახებ. 2005 წელს გამოსცა წიგნი „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე, 1883-1917, (Harvard University Press). 2010 წელს კი გამოსცა წიგნი „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში” (ed.). 2012 წელს გამოვა კიდევ ორი წიგნი მისი ავტორობით: “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, 1991-2010 წწ” (I.B. Tauris) და „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2010″ (ed., Routledge). პროფესორი ჯონსის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია საქართველოს შესახებ, მათ შორის უკანასკნელია 2009 წელს თბილისში ჩატარებული – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. პროფესორ ჯონს მიღებულია აქვს გრანტები და ჯილდოები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა სმიტ რიჩარდსონის სახელობის ფონდი, პრინსტონის კვლევითი ინსტიტუტი, ა.შ. 1980-1983 წლებში იყო მარჯორი უორდროპის სახელობის მკვლევარი ოქსფორდის უნივერსიტეტში; 2011 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი. არის სხვადასხვა სარედაქციო ჯგუფის წევრი; 1990-იან წლებში თანამშრომლობდა ქართულ ბიბლიოთეკებთან ელექტრონული კატალოგების შესაქმნელად; ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ქართულ პროგრამებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის; არის ქართული ასოციაციის მდივანი აშშ-ში. 2011 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 2012-2014 წლებში პროფესორი ჯონსი იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2014 წლიდან არის ცენტრის საბჭოს წევრი.