დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი იწყებს ბლოგპოსტების სერიას უმაღლესი განათლებისა და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966].
როდესაც ორი-სამი წლის წინ საგრანტო პროექტის განაცხადს ვწერდით, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტის კონკურსში შეგვქონდა, მე და ჩემს კოლეგებს არ გვიფიქრია, რომ იმ უამრავ გამოწვევას, რომლის წინაშეც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იდგა და დღემდე დგას, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა – ონლაინ სწავლების ფორს-მაჟორის რეჟიმში დანერგვა დაემატებოდა. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, გვეკვლია რა გავლენა აქვს ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული რეფორმების დანერგვას განათლების სისტემის განვითარებაზე, განათლების პოლიტიკის შექმნასა და მაღალპროდუქტიული დასაქმების ბაზრის ფორმირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხებს ცენტრში ბევრი წელია ვსწავლობთ, მიგვაჩნდა, რომ არის მთელი რიგი კითხვები, რაც პასუხგაუცემელი რჩება მიუხედავად ჩვენი და სხვა კვლევითი ჯგუფების ხანგრძლივი მუშაობისა. მათ შორისაა, უმაღლესი განათლების ხარისხი და ხარისხის უზრუნველყოფა, დასაქმების პოლიტიკის რამდენიმეწლიანი სტრატეგიული გათვლა, დაფინანსების სისტემები, დასაქმების ბაზართან კავშირები და დამსაქმებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში, ზოგადად განათლების და უფრო კონკრეტულად – ტრანსფერული უნარების როლი კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების გაზრდაში და სხვა. ონლაინ განათლების სისტემის დანერგვა და მასთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული გამოწვევები არასდროს მოხვედრილა ჩვენი კვლევის მიზანში. თუმცა ბოლო წლის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა ონლაინ სწავლების დანერგვის აუცილებლობა იმისთვის, რომ ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემამ (იქნება ეს სასკოლო, უმაღლესი, პროფესიული თუ არაფორმალური განათლება) ფუნქციონირება გააგრძელოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი პროექტის პირველი ბლოგი ონლაინ სწავლებისთვის მიგვეძღვნა, რადგან ეს საკითხი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ცოტაოდენ ბურუსით მოცულიც კი არის, რადგან რთულია პროგნოზირება, თუ რა შედეგების მომტანი იქნება ონლაინ სწავლება განათლების ხარისხის, და ზოგადად განათლების სისტემის განვითარებისთვის.
ონლაინ (ელექტორონული) სწავლების ცნება საკანონმდებლო დონეზე ჯერ კიდევ 2011 წელს დაინერგა, როდესაც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს დაემატა 474-ე მუხლი[1], რომელიც განსაზღვრავდა ელექტრონული სწავლების რაობას, ფორმატს და საგანმანათლებლო საფეხურებს, რომლებზეც დაშვებული იყო მსგავსი ფორმატი. თუმცა, პრაქტიკაში ამ ფორმატის გამოყენების საჭიროება მხოლოდ პანდემიის პირობებში ვიგრძენით. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ სწავლებაზე 100% გადასვლა ბევრი მიზეზით არის რთული და ეს სირთულეები დამახასიათებელი არამხოლოდ უმაღლესი, არამედ ყველა დონის განათლებისთვისაა:
- სტუდენტებისა და პროფესურისათვის ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა;
- უფასო და ფასიანი ელექტრონული პლატფორმებით (Zoom, Google Meet, MS Teams, Moodle და სხვ.) სარგებლობა და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება;
- ელექტრონულად ლექცია/სემინარებზე დასწრების საკითხები;
- ელექტრონულ რეჟიმში შეფასების სისტემების ადეკვატურობა;
- პროცესში სინქრონული და ასინქრონული სწავლების მეთოდების გამოყენება და სხვ.
ამ პრობლემებზე დისკუსიისა და მათთან გამკლავებისთვის ფეისბუქზე სპეციალური პლატფორმაც კი შეიქმნა, სახელად “Online სწავლება საქართველოში“, რომელიც დღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის 7300-მდე წარმომადგენელს აერთიანებს და მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ელექტრონული/დისტანციური სწავლების საკითხებზე, მეთოდოლოგიაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ წინსვლებზე. ელექტრონული სწავლების გამოწვევებზე 2020 წლის ივნისში განათლების კვლევების ასოციაციამ ონლაინ კონფერენციაც კი მოაწყო სახელად „პანდემია და განათლება“, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეებზე ონლაინ სწავლების გამოწვევების განხილვას ეძღვნებოდა. მოკლედ, განათლების საკითხებით დაინტერესებული პირები და სპეციალისტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს საქართველოს განათლების სისტემა დღევანდელობას. თუმცა, ბევრი საკითხი დღემდე პასუხგაუცემელი რჩება, მათ შორისაა რა გავლენა ექნება ონლაინ სწავლებას სტუდენტთა განათლების ხარისხზე, როგორ აისახება ეს ყველაფერი მათი დასაქმების შესაძლებლობებზე და სხვ. თუმცა, მე როგორც პრაქტიკოს ლექტორს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია კითხულობს ლექციებს ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში, ყველაზე მეტად სწავლების მეთოდოლოგია მადარდებს.
ონლაინ სწავლების ფორმატში ძალიან რთული აღმოჩნდა ლექცია-სემინარების იმავე მეთოდით ჩატარება, როგორც ეს ფიზიკურად, პირისპირ სწავლების ეტაპზე გვქონდა დაგეგმილი. ორი საათის განმავლობაში Zoom-ის ფანჯარაში ჯდომა სრულიად წარმოუდგენელი და დამქანცველი აღმოჩნდა ლექტორისთვის, როდესაც კომუნიკაცია მინიმუმამდეა დასული კლასთან გათიშული კამერებისა თუ მიკროფონების გამო, და სრული განცდა გაქვს, რომ საკუთარ თავს სარკეში ელაპარაკები. წარმოდგენაც კი მიჭირს, ეს როგორი რთულია სტუდენტებისთვის, რომლებიც თითქოს რადიოს უსმენენ და ალბათ ბოლომდე უჭირთ კიდეც კონცენტრირდენენ ლექციაზე. ალბათ ამის მკითხველი მეტყვის, სტუდენტებისთვის კამერების ჩართვა უნდა მოგეთხოვაო. კამერის ჩართვა მართლაც არაა პრობლემა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი პრობლემაა მიკროფონის გამორთვა, როდესაც სრულიად ვეღარ მყარდება კომუნიკაცია ჯგუფთან ხმაურის თავიდან აცილების მიზნით, და ეს ქმედება არამარტო გარეშე ხმაურს გვაცილებს, არამედ სრულიად სპობს უკუკავშირის მიღების საშუალებას. აღარაფერს ვამბობ, რაოდენ რთულია ასეთ რეჟიმში პრაქტიკული დავალებების ან ჯგუფური სამუშაოების ჩატარება, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაავარჯიშონ და კონკრეტული, პრაქტიკული უნარები გამოიმუშაონ. დამიჯერეთ, ვცადე და სრულიად მოსაწყენი, არაფრის მომცემი და დროის ფუჭად დამკარგველი აქტივობა გამოვიდა, მაშინ როცა კლასში, როდესაც ამას ფიზიკურად ვაკეთებდით, ეფექტურად მიმაჩნდა. ჩემთვის (და ალბათ ჩემი კოლეგებისთვისაც) აშკარაა, რომ ორსაათიანი ლექციების ფორმატი, რომელთა ჩაწერაც ევალება უნივერსიტეტს, რომ დაამტკიცოს, ნამდვილად ტარდება ლექციებიო, არაეფექტურია ონლაინ სწავლებისთვის.
როდესაც შარშან გაზაფხულზე პანდემიურმა კრიზისმა უსწრაფეს დროში მოითხოვა ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, სწავლების მეთოდის ადაპტაციაზე ახალ რეალობასთან არც ფიქრის და არც ზრუნვის დრო არ გვქონია. 2020 წლის გაზაფხულზე აუცილებელი იყო მხოლოდ სტუდენტებისა და პროფესურის ონლაინ სისტემებით (Zoom, MS Teams, ა.შ) უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ფორმალურად მაინც სემესტრი გაგრძელებულიყო. თუმცა, აღნიშნულ კითხვებზე მსჯელობა არც მერე მომხდარა (თუ იყო ასეთი შემთხვევა და მე გამომრჩა, მიმითითეთ), როდესაც 2020 წლის შემოდგომაზე ისევ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელეთ მუშაობა. პრინციპში, ამ თემებზე საჯარო განხილვები ან სწავლების მეთოდოლოგიურ ცვლილებებზე ზრუნვა არც 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის წინ მომხდარა, რომელიც, დღევანდელი მოცემულობით, შეიძლება კვლავაც საკლასო ოთახებში წარიმართოს, ონლაინ გაკვეთილების ნაცვლად. ეს უკეთეს შემთხვევაში. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინშია მთელი მსოფლიო, და მათ შორის ჩვენც, და საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოში, ადვილი მოსალოდნელია, რომ არამხოლოდ 2021 წლის გაზაფხულის, არამედ შემოდგომის სემესტრიც ისევ ონლაინ რეჟიმში წარიმართოს. ამ სცენარის შემთხვევაში, გამოდის, რომ საუნივერსიტეტო სწავლების სრული ორი წელი ონლაინ მიმდინარეობს, და ეს უკვე არა დროებითი ღონისძიებაა, არამედ ჩვენი ხანგრძლივი რეალობა. ამიტომ, სრულიად აუცილებელი მგონია, სწავლების მეთოდები ალტერნატიულით და სხვა ეფექტური, ონლაინ საშუალებით უნდა ჩანაცვლდეს, იქნება ეს ასინქრონული სწავლება, სინქრონულისა და ასინქრონულის კომბინაცია, თუ რაიმე სხვა. თუმცა ეს როგორ უნდა განხორციელდეს, ამაზე პასუხი არავის გვაქვს, რადგან არ ვიცით – ამაზე ფიქრის დრო და სურვილი არ გვქონია.
ამ ბლოგის ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სტუდენტებს, რომლებიც მიუხედავად ჩემს მიერ ზემოთაღწერილი მოსაწყენი ლექციებისა, საოცარი ენთუზიაზმით ცდილობდნენ სწავლების პროცესში ჩართულიყვნენ, ყურადღებით ისმენდნენ ყველაფერს და არც კითხვებს იშურებდნენ. მართლაც ვერ წარმომიდგენია, რამდენად რთული იქნებოდა მათთვის ამ ყველაფრის გაძლება და სწავლის სურვილის შენარჩუნება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მაინც შევძლებ(თ) მათთვის გაცილებით ეფექტური, საინტერესო და სახალისო ლექციების შეთავაზებას, თუნდაც ონლაინ.
[1] საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ 2004. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=83