რუსეთი, ევროპა და ბორდერიზაცია საქართველოს პერიფერიულ რეგიონში

როგორ შეიძლება ავხსნათ საქართველოს პერიფერიულ რეგიონებში დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით უფრო მეტად პრორუსული და ნაკლებად პროევროპული განწყობა? ეს სტატია ამ კითხვაზე პასუხს სცემს საზოგადოებრივი გამოკითხვების მონაცემებისა და ჩემს მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო/გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ჩატარებული კვლევის შეჯერების საშუალებით.


თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებული რაოდენობრივი კვლევები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნათლად დავინახოთ ზემოთ ნახსენები რეგიონთაშორისი გეოგრაფიული განსხვავება გეოპოლიტიკურ შეხედულებებში. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და სხვათა სარწმუნო კვლევებში, მონაცემების მსგავსი გეოგრაფიული კატეგორიზაცია არ გვხვდება. საუკეთესო შემთხვევაში, მათი მონაცემები ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელებს შორის განსხვავებას გვაჩვენებს და იშვიათად, ზოგიერთი დიდი ქალაქის შედეგებსაც გამოყოფს ხოლმე.


საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნეთა წილი სოფლის მაცხოვრებლებში ნაკლებია, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლებში და განსაკუთრებით, თბილისელებში. განსხვავება 10-დან 20%-მდე მერყეობს. ამ მხრივ, სოფლის მაცხოვრებლები უფროსი ასაკის მოქალაქეებსაც (55 წლის ზევით) კი ჩამორჩებიან.
ამასთან ლოგიკურ ბმაშია რუსეთისადმი დამოკიდებულებაც. რონდელის ფონდის 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობაში რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაცილებით უფრო გავრცელებულია (59%), ვიდრე სოფლის მოსახლეობაში (36%). მეტიც, სოფლის მოსახლეობაში ნეიტრალურად განწყობილთა წილი (40%) ჭარბობს უარყოფითად განწყობილებს.


საკვლევ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, თავდაპირველად უნდა გამოვყოთ ორი განსხვავებული მასშტაბის სოციალიზაცია, რომელიც ინდივიდის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს.


პირველი მათგანია სოციალიზაცია სახელმწიფოს მასშტაბით, სადაც ფორმალური ინსტიტუციები (მაგ. სკოლა და ჯარი) და საინფორმაციო სივრცე (მაგ. სატელევიზიო პროგრამები) ქვეყნის მოსახლეობაში ქმნის საერთო გაგებას ისეთი მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ, როგორიცაა ერი, საზოგადოება, სახელმწიფო და მტერი. ქვეყნის მასშტაბით მოქმედ დისკურსებთან ხანგრძლივი შეხება მოქალაქეს უყალიბებს ეროვნულ იდენტობას და ძირეულ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას.


მეორე მასშტაბის სოციალიზაცია ადგილობრივ დონეზე ხდება. ეს შეიძლება იყოს უბანი, სოფელი, ქალაქი ან რეგიონი, რომელთანაც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრება. ერთმანეთთან ახლოს მცხოვრები ინდივიდები ხშირად ერთი და იმავე ტიპის სოციალურ და ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ხოლმე ჩართული და სწორედ ეს ქმნის ადამიანებში თემის განცდას. ეს აგრეთვე აყალიბებს წარმოდგენას თავიანთი ადგილის, იქნება ეს სოფელი, ქალაქი თუ რეგიონი, განსხვავებულობისა და განსაკუთრებულობის შესახებ. ამ საერთო ყოველდღიურობაში მონაწილეობა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდივიდის იდენტობისა და სოციალური ჰაბიტუსის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, რეგიონი, თავისი განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული სოციოეკონომიკური ისტორიითა და მახასიათებლებით, შეგვიძლია მივიჩნიოთ მის მაცხოვრებლებში გეოპოლიტიკური შეხედულებების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად.


რეგიონის ამგვარი დახასიათება შიდა ქართლში მდებარე დასახლებათა ერთ მწკრივსაც ერგება, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ‘საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე რეგიონი’ ვუწოდოთ, რადგანაც ის სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს პირდაპირ ესაზღვრება და ამით განსხვავდება ქართლის სხვა დასახლებებისგან. თერიტორიულად, ეს სოფლები გორის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ისტორიულად და გეოგრაფიულად, ისინი ქალაქ ცხინვალთან უფრო ახლოს იყვნენ და არიან.


საოკუპაციო/გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში კვლევითი სამუშაო ორჯერ ჩავატარე: 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ კვლევის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონში გავრცელებული გეოპოლიტიკური შეხედულებებისა და არგუმენტების გარკვევა და იმის განსაზღვრა იყო, თუ რა ლოგიკას ექვემდებარება და რა ფაქტორები განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის გეოპოლიტიკურ შეხედულებებს.


ჯამში, 30 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარე, მეტწილად, ნიქოზში, ერგნეთში, დიცსა და ხურვალეთში. რესპონდენტები სქესის მიხედვით თანაბრად არიან წარმოდგენილი, ხოლო ასაკობრივ ჯგუფებში უფროსი ასაკის წარმომადგენლები ჭარბობენ. ზოგად დაკვირვებაზე დაყრდნობით, ამგვარი არათანაბარი ასაკობრივი განაწილება უფრო ადეკვატურად უნდა ასახავდეს ამ რეგიონში მოსახლეობის ასაკობრივ დაყოფას. რესპონდენტები, უმეტესად, რიგითი მოქალაქეები არიან და დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. თუმცა, მატი დაახლოებით მესამედი ადგილობრივ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას მიეკუთვნება, რომელთა შორის არიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და რეგიონული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ რეგიონში არსებული დამოკიდებულება უფრო არაერთგვაროვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობაში დომინანტური ხედვა, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. მართალია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ნამდვილად მიიჩნევენ რუსეთს საქართველოს მტრად და ყველაზე მეტად სწორედ მათ შეეხოთ რუსეთის სამხედრო აგრესია, მაგრამ მტერთან ერთად რუსეთში ისინი თავიანთი ყოველდღიური ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზასაც ხედავენ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი რუსეთს ორგვარად ხედავენ: რუსეთი, როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფო და რუსეთი, როგორც სავაჭრო პარტნიორი და ადგილობრივი პროდუქციის გასაღების ბაზარი.


საზოგადოებრივი აზრის რაოდენობრივი კვლევები გარკვეულწილად ადასტურებს მსგავს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ფართო მოსახლეობაშიც, განსაკუთრებით სოფლის მაცხოვრებლებში. მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2023 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ ეს რიცხვი 55%-მდე მცირდება, თუ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. სოფლის მოსახლეობის შემთხვევაში, მონაცემები 69%-დან 51%-მდე მცირდება. ეს ციფრები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების გეოპოლიტიკურ აზროვნებაში რუსეთის, როგორც სავაჭრო პარტნიორის ცნება, ანგარიშგასაწევი ფაქტორია.


ჩემი კვლევა აგრეთვე აჩვენებს საკმაო მხარდაჭერას საქართველოს გეოპოლიტიკური ნეიტრალიტეტის მიმართ, მაგრამ ეს შეხედულება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნაწილდება. უფროსი თაობა (55 წლის ზევით) საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ეჭვით უყურებს და მიესალმება რუსეთთან ახლო ურთიერთობებს, ხოლო ახალგაზრდები (35 წლის ქვევით) უფრო მტკიცედ ესწრაფვიან ევროკავშირისა და ნატოს წევრობას და ეწინააღმდეგებიან რუსეთს. მართალია, თაობათა შორის ამგვარი განსხვავება მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხვდება, მაგრამ ‘ხაზისპირა რეგიონში’ თაობათა შორის განსხვავებას დამატებითი, ადგილობრივი მიზეზი გააჩნია.


2008 წლის აგვისტოს ომი მთავარი მოვლენაა ამ რეგიონში. ომმა სამუდამო დაღი დაასვა რეგიონის მაცხოვრებლებს და მათში დამატებითი ემოციური განზომილება შესძინა რუსეთისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, თუმცა 2008 წლამდე პერიოდიც და მომდევნო წლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გეოპოლიტიკური შეხედულებების ფორმირებაში. 2008 წლის შემდგომ, ‘ხაზისპირა რეგიონი’ სოციოგეოგრაფიულ პერიფერიად გარდაიქმნა, რომელიც მთლიანად ცენტრალური მთავრობის ფინანსურ-ეკონომიკურ დახმარებაზეა დამოკიდებული. Aახალგაზრდა თაობა სწორედ ამ პერიოდს იცნობს, როდესაც რუსულმა ბორდერიზაციამ რეგიონი გეოგრაფიულ ჩიხად გადააქცია. უფროსი თაობა კი იმ პერიოდსაც მოესწრო, როდესაც რეგიონის ეკონომიკა დინამიური იყო რუსეთთან პირდაპირი სავაჭრო კავშირის წყალობით, რომლითაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მნიშვნელოვნად ხეირობდნენ.


Eეს ეკონომიკური დინამიურობა, მეტწილად, ერგნეთის ბაზრობას ეფუძნებოდა, რომელიც ზუსტად დე ფაქტო საზღვარზე მდებარეობდა, სოფელ ერგნეთსა და ქალაქ ცხინვალს შორის. ამ არაფორმალური ბაზრობის წარმატების საფუძველი მისი სტრატეგიული მდებარეობა იყო სადაო ტერიტორიების გზაგასაყარზე, რაც მას საშუალებას აძლევდა, თავი აერიდებინა სრული სახელმწიფო კონტროლისთვის. ამასთან, ერგნეთის მდებარეობა ტრანსკამის მაგისტრალის სამხრეთ ბოლოში, რუსეთთან სწრაფი და პირდაპირი მობილობის საშუალებას აძლევდა. შედეგად, ერგნეთის ბაზრობა 1990-იან წლებში რეგიონული ვაჭრობის ჰაბად იქცა და ქართლის ამ ტერიტორიაზე თვითკმარი ეკონომიკა დაამკვიდრა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ჩართული. ადგილობრივი ქართველებისა და ოსებისთვის ბაზრობა დასაქმებისა და შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა.
შესაბამისად, რუსეთის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის, მნიშვნელობა ამ რეგიონში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა მხარეებში. ამ ეკონომიკურ პარტნიორობას კი პირდაპირი, ყოველდღიური გავლენა ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ შემოსავალსა და კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, რეგიონის მაცხოვრებლები – როგორც ოსები, ისე ქართველები, რუსეთისადმი უფრო მეტად იყვნენ კეთილგანწყობილი, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონების მკვიდრნი, რომელთათვის რუსეთი, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის საფრთხესთან ასოცირდებოდა.


2008 წლის შემდეგ, ხაზი, რომელიც მხოლოდ საბჭოთა დროის რუკებზე არსებობდა, ყოველდღიურ რეალობად იქცა, როდესაც რუსმა სამხედროებმა პატრულირება და მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების გავლება დაიწყეს. ეს პროცესი ბორდერიზაციის სახელითაა ცნობილი, რაც, პირდაპირი გაგებით, საზღვრის (თვითნებურ) შექმნას ნიშნავს იმ ადგილას, სადაც მანამდე საზღვარი არ არსებობდა. ქართულ დისკურსში, ბორდერიზაცია რუსეთის პოლიტიკურ ინსტრუმენტად მიიჩნევა. რუსეთი აგრესორია, საქართველო – აგრესიის მსხვერპლი. თუმცა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის ამგვარი შეფასება მხოლოდ ნაწილობრივ აღბეჭდავს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფას ბორდერიზაციის პირობებში.


ამ პერიფერული რეგიონის მაცხოვრებლების გაგებით, რუსეთის ტერიტორიული აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო არაა; მსხვერპლია აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ჯერ რუსეთის ომმა დააზარალა და შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრების დაწესებამ. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობში, ამ სავალალო სიტუაციას კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოს მთავრობის უყურადღებობა. ამგვარად, ბრალის წილი ცენტრალური ხელისუფლებისკენაცაა მიმართული.


პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ან ნება, რომ რუსეთისა და ბორდერიზაციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი არსებითად შეამსუბუქოს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ხაზისპირა სოფლებში გატარებული უშიშროების ზომებისა (მაგ. საპოლიციო პუნქტები) და სხვადასხვა სოციალური დახმარებებისა (მაგ. კომუნალური და საგანმანათლებლო შეღავათები), რეგიონის წარმომადგენლებთან საუბრებში გამოიკვეთა, რომ ადამიანებს მიტოვებულობისა და იმედგაცრუების შეგრძნება არ ტოვებთ. დაუცველობის შეგრძნება მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება რუსეთის საფრთხეს და არანაკლებად გამომდინარეობს შიდა სოციალური მდგომარეობიდან: უმუშევრობა, სიღარიბე და გადარჩენაზე ყოველდღიური შფოთვა.
შფოთი და დაუცველობის ეს შეგრძნება ხაზისპირა სოფლებიდან მოსახლეობის გადინებასაც განაპირობებს. დიდი ნაწილი თბილისში მიდის და არანაკლები – საზღვარგარეთ. მთავარი მიზეზი, რუსეთის შიშზე მეტად, სწორედ დაუცველობისა და გაურკვევლობის შეგრძნებაა. ეს უარყოფითი ემოციური ფონი გეოპოლიტიკურ შეხედულებებზეც ახდენს გავლენას.


ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნათლად ჩანს გორელი ჟურნალისტის გოგა აფციაურის ვიდეორეპორტაჟში გუგუტიანთკარიდან ბორდერიზაციის ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ. რეპორტაჟში ადგილობრივი მოხუცებული კაცი ახალი ინციდენტის შეფასებისას ამბობს: „თუ მთავრობას არ შეუძლია [ბორდერიზაციის] შეჩერება, შევუერთდეთ ისევ რუსეთს, როგორც ადრე ვიყავით“. მისი მეზობელიც მსგავს სენტიმენტს აჟღერებს: „რუსეთს არ უნდა გამოვყოფოდით. ნახე, რა მოუტანა ხალხს დამოუკიდებლობამ?“ ჟურნალისტი ამ კომენტარებს მოხუცი ხალხის საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას უწოდებს, მაგრამ, ჩემი აზრით, წარსულისადმი ლტოლვის ნაცვლად, ეს ციტატები აწმყოთი იმედგაცრუებას უფრო გამოხატავს.


აწმყოთი იმედგაცრუება და გაურკვეველი მომავალი საქართველოს ევროპული არჩევანისადმი შეხედულებებსაც განაპირობებს, რომელსაც ხაზისპირა რეგიონის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით საგრძნობი სარგებელი არ მოუტანია. უმეტესობას არ გააჩნია ფინანსური, ტექნოლოგიური თუ სხვა რესურსი, რომ ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვადი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შექმნას. სამაგიეროდ, უმეტესობას კარგად ახსოვს, თუ როგორ იყიდებოდა მათი ვაშლი რუსეთში და რა იაფად ყიდულობდნენ რუსეთიდან შემოსულ ფქვილს ერგნეთის ბაზრობაზე. რამდენიმემ ერთი ტომარა ფქვილის ზუსტი ფასიც კი გაიხსენა ინტერვიუს დროს, რაც დღევანდელ ფასს რამდენჯერმე ჩამოუვარდება. ერთ-ერთმა რესპონდენტმა მოკლედ ახსნა კავშირი სოციალურ-ეკონომიკურ გასაჭირსა და გეოპოლიტიკურ ხედვას შორის: „როცა ბავშვი მშიერი გყავს და ოჯახი მშიერი გყავს, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ გლეხი გამოსავალს ისევ რუსეთში ხედავს.“


დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, პროდაასავლური საზოგადოებრივი აზრი მთავარი დასაყრდენია პრორუსული პოლიტიკისა და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. თუმცა, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად ინტენსიურია ეს პროევროპული სენტიმენტი. რაოდენობრივი კვლევები ამას ნათლად ვერ აჩვენებს. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის იმ სამი მეოთხედიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მხოლოდ ნაწილისთვის იქნება შემაშფოთებელი და საფრთხის მომასწავებელი, თუკი მთავრობა საბოოლოდ იტყვის ევროპაზე უარს. ეს კი იმიტომ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების მიღმა მიმდინარეობს და უმეტესობა მათგანისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა თუ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებში გაგონილი ფრაზებია და არა ხელშესახები სიკეთეები. უმეტესობას არც იმის მატერიალური საშუალება აქვს, რომ ევროპაში იმოგზაუროს, თუნდაც უვიზოდ. მთავარი ამოცანა მდგომარეობს ამ პოლიტიკური მიღწევების ხელშესახებ და რეალურ შედეგებად გადაქცევაში.


ამ ამოცანის მისაღწევად უკვე არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაც შეიძლება, ისეთის, როგორიცაა EU4Bუსინესს-ის ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურად ეხმარება. თუმცა, საფუძვლიანი შედეგების მისაღწევად, საჭიროა ამ ინიციატივის ფინანსური და გეოგრაფიული ფარგლების გაფართოება საქართველოს სოფლებში და, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე ‘ხაზისპირა რეგიონებში’ შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

გელა მერაბიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აფილირებული მკვლევარი