განათლება და განვითარება

ცენტრის განვითარების კვლევის პროგრამა იმ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური მექანიზმების კომპლექსური კვლევისკენაა მიმართული, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სწრაფი ტრანსფორმაციის და მოდერნიზაციის წარუმატებლობამ წარმოშვა განვითარების პროცესის უფრო მრავალმხრივი ხედვის ჩამოყალიბების აუცილებლობა. სწრაფი ცვლილებების კონცეფციაზე ორიენტირებული განვითარების პარადიგმას ენაცვლება ადამიანის შესაძლებლობების, ინსტიტუტების განვითარებასა და დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაციაზე ორიენტირებული მიდგომა - საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის დღის წესრიგში მოექცა სოციალური და საზოგადოებასთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორიცაა უმუშევრობა, განათლება, ჯანმრთელობა, უთანასწორობა, უფლებებსა და ძირითად შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. განვითარების პროცესის წინსვლა მთავარი გამოწვევების და მიღწევების ადეკვატურ შეფასებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით კვლევისა და საჯარო დებატების ხელშეწყობა. პროგრამის მიერ შესრულებული კვლევები ამ მიზანს ემსახურება.

განათლება და, კერძოდ, უმაღლესი განათლება, განვითარების ერთ-ერთ ცენტრალურ ფაქტორად მიიჩნევა. უმაღლესი განათლების სფეროში გატარებული რეფორმა და საქართველოს სწრაფვა საერთაშორისო საგანმანთლებლო და სამეცნიერო კვლევების თანამედროვე ქსელში ჩართვისკენ არ არის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების საფუძველზე შემუშავებული პროცესი და ატარებს ფორმალურ ხასიათს.

ცენტრის განათლების პროგრამა შეისწავლის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, დაგეგმვის, განათლების ხარისხის, უნივერსიტეტების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთისა და სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების დინამიკას მრავალმხრივი ანალიტიკური პერსპექტივებიდან. კვლევა მიმართულია განათლების სისტემური ცვლილებების, პროდუქტიულობის, მენეჯმენტის და ეფექტურობის შესწავლასა და მათი განვითარების ხელშეწყობისთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და საჯარო განხილვებზე.