დოქტორანტურა თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სამაგისტრო და სადოქტორო განათლების განვითარება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ყველაზე ხანგრძლივი პროექტია. 2003 წლიდან მოყოლებული, ღია საზოგადოების ფონდების გულუხვი დაფინანსების საშუალებით პროგრამა სამ ეტაპად განვითარდა. თავდაპირველად პროექტის სამიზნე სამაგისტრო პროგრამების განვითარება გახდა, რომელიც სადოქტორო პროგრამებისთვის მომზადებით გაგრძელდა და, ბოლოს, 2010 წლიდან, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დანერგვა დაიწყო. ცენტრის სადოქტორო პროგრამების განვითარების შემდეგი ეტაპი უნივერსიტეტში სადოქტორო სკოლის (Graduate School) დაარსებაა. 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის ცენტრის მხარდაჭერა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. სოციალურ მეცნიერებათა ცენტის ინიციატივით შეიქმნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა გაერთიანებული ფაკულტეტი, ნაცვლად სხვადასხვა ფაკულტეტზე გაფანტული ცალკეული დეპარტამენტებისა. მეტიც, საუნივერსიტეტო კონფერენციების, სემინარებისა და საერთაშორისო ტრენინგების საშუალებით ცენტრი დაეხმარა უნივერსიტეტს სოციალურ მეცნიერებებში სამაგისტრო კურიკულუმის განვითარებაში, ფაკულტეტის მართვის ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნაში, კვლევის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების სწავლების დახვეწაში. უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ცენტრი ტრენინგებს ატარებს უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. სხვადასხვა ეტაპზე ცენტრმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების პროგრამების განვითარებაში და შექმნა ახალი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამები კავკასიის რეგიონულ კვლევებსა და გენდერში. ცენტრმა შექმნა და ჩამოაყალიბა სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო ურთიერთობებსა და გენდერის კვლევებში.

ახალი ცოდნის გადაცემისა და ადმინისტრირების გარდა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა შექმნა უნივერსიტეტსა და, ზოგადად, ქვეყანაში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების მყარი საფუძველი. ათეულობით წიგნი, სახელმძღვანელო და გავრცობილი სილაბუსი შეიქმნა და ითარგმნა სოციალურ მეცნიერებების განხრით არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისთვისაც. ცენტრმა დაამყარა მჭიდრო ურთიერთობები დასავლურ უნივერსიტეტებთან (ოქსფორდის, რატგერსის, მაუნთ ჰოლიოკის, ლაიდენის, ტარტუსა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ჩათვლით). ამ უნივერსიტეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თსუ-ში სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში.

უნივერსიტეტსა და მთელ საქართველოში სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში ცენტრის მიერ შეტანილი წვლილის შესაფასებლად საკმარისია გავიხსენოთ, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობდა სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტრუქტურული სწავლება 2003 წლამდე. ეს წვლილი დაფუძნებული იყო 'ღია საზოგადოება - საქართველოს' სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის გამოცდილებაზე, რომელიც 2000-2003 წლებში ხორციელდებოდა.

დღეს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრძელებს მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მისი მთავარი ამოცანა უნივერსიტეტში სადოქტორო სწავლების სკოლის შექმნაა. ამ სკოლის დაარსებით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი საქართველოში სოციალური მეცნიერებების განვითარების ახალ დონეზე აყვანას გეგმავს.