ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბევრ ქვეყანაში სოფლად და იზოლირებულ ადგილებში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, შემოსავლიან სამსახურზე, ნაკლებად აქვთ ხოლმე მიწასა და სხვა რესურსებზე საკუთრების უფლება, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ და იურიდიულ მომსახურებაზე, ასევე არა აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა.

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ჩაატარა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა და გოგონათა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევა. კვლევა ყურადღებას ამახვილებდა ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმების შესაძლებლობებზე და მათთვის სახელმწიფო სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური მომსახურებისა და პროგრამების მისაწვდომობაზე.