ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დისკურსები საქართველოს ევროპეიზაციის შესახებ

ავტორები: ლია წულაძე, ფლორა ესებუა, ირინე ოსეფაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი: ატილა მელეგი, კორვინუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის და დემოგრაფიის მიმართულებით.

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: #FR17_91].

პუბლიკაცია დამტკიცებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დარგობრივი სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს მიერ.

© სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2021
გამომცემლობა „ნეკერი“, 2021

ISBN 978-9941-479-80-9

ჩამოტვირთვა

წინამდებარე ნაშრომი საქართველოს მიმდინარე ევროპეიზაციის პროცესს ეხება და მას სოციოლოგიური პერსპექტივიდან სწავლობს, კერძოდ, ევროინტეგრაციის ყოველდღიურ „გამოყენებაზე” ამახვილებს ყურადღებას. ევროინტეგრაციის „გამოყენების” მნიშვნელოვანი ასპექტია მისი დისკურსული გამოყენება, ანუ რიტორიკული მანიპულირება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიტიური თუ ნეგატიური ასოციაციების გამოწვევის მიზნით. შედეგად, დისკურსის გზით ევროპეიზაციის ამა თუ იმ პრაქტიკისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება თუ ჩამორთმევა ხდება.

წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც 2018-2019 წლებში განხორციელებულ ემპირიულ კვლევას ეფუძნება, სწორედ, საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტისა და მოსახლეობის ევროპეიზაციასთან დაკავშირებულ დისკურსებს განიხილავს, ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ. ეს ნაშრომი ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს ჩვენი წინა კვლევითი პროექტისა (2014-2016, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის მხარდაჭერით), რომლის ფოკუსი ევროპეიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკური და პოპულარული დისკურსები იყო, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, ბოლო კვლევას ახალი კვლევითი კომპონენტი დაემატა, კერძოდ, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტასთან სიღრმისეულ ინტერვიუებსა და მოსახლეობასთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში Q მეთოდოლოგიაც ინტეგრირდა, რომლის რაოდენობრივი ანალიზი თვისებრივ მონაცემებს ამდიდრებს.

კვლევამ გამოავლინა ელიტებისა და მოსახლეობის საკმაოდ ამბივალენტური დისკურსები ქვეყნის ევროპეიზაციის შესახებ. ეს ამბივალენტობა თავს იჩენს როგორც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პრაგმატული და იდენტობის ფაქტორების განხილვისას, ისე ევროპეიზაციის მექანიზმების – პირობითობის და სოციალიზაციის – წამყვან როლზე მსჯელობისას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მსგავსი ამბივალენტობა კვლევის მონაწილეთა დისკურსულ პერფორმანსს უბიძგებს.