რელევანტურობის საკითხი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში

მარიამ ამაშუკელი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ბლოგი მომზადდა პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966].

უმაღლესი განათლების  საკითხებზე წლებია ინტენსიურად ვმუშაობ ჩემ კოლეგებთან ერთად სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში. ბოლონიის პროცესი, ხარისხის უზრუნველყოფა, ინტერნაციონალიზაცია, კურსდამთავრებულთა დასაქმება  და ა.შ., ის თემებია, რომელთა კვლევა-ძიებასა და ანალიზში მრავალი საინტერესო თვე გასულა.

ამასწინათ, მორიგი კვლევა-ძიების პროცესში, ევროკომისიის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ, ერთ საინტერესო ანგარიშს გადავაწყდი – Promoting the Relevance of Higher Education. ანგარიში უმაღლესი განათლების (უგ) რელევანტურობის[i] კვლევას წარმოადგენს.  კვლევის მიზანი იყო ევროპასა და მის მიღმა უგ-ის რელევანტურობის მრავალმხრივი ანალიზი და მისი განხორციელების მექანიზმების შესწავლა. თავის მხრივ, მიღებული კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებში უგ-ის რელევანტურობის ხელშემწყობი პოლიტიკის შექმნისა და წარმოების საფუძველად მოიაზრება. ამ კვლევითი პროექტის ფარგლებში პასუხი გაეცა შემდეგ შეკითხვებს: როგორ განსაზღარვენ ქვეყნები უგ-ის რელევანტურობას და როგორ ახორციელებენ მის მხარდაჭერას? რა კრიტერიუმებით ხდება უგ-ის რელევანტურობის შეფასება და როგორ არის შესაძლებელი მისი სისტემატიური შეფასებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტის შემუშავება? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად განხორციელდა მრავალეტაპიანი კვლევა, მათ შორის სიღრმისეული შემთხვევის კვლევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანასა და  კანადაში (European Union, 2018, გვ.7).

ვინაიდან, ზემოთ ხსენებულმა საკვლევმა საკითხებმა და მთლიანად ანგარიშმა საღერღელი ამიშალა და ეროვნული უმაღლესი განათლებისთვის ამ (რელევანტურობის) პერსპექტივიდან შემახედა, გადავწყვიტე, მის შესახებ მოკლედ მომეთხრო. ანალიტიკური ჩარჩოს და კვლევის დიზაინის დეტალებს აქ არ მიმოვიხილავ (დაინტერესების შემთხვევაში, პუბლიკაციაზე არის ღია წვდომა) და პირდაპირ მთავარ მიგნებებზე გადავალ. კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ უმაღლესი განათლება რელევანტურია მაშინ, როდესაც მას თანაბარმნიშვნელოვნად შეაქვს წვლილი ინდივიდის პიროვნულ განვითარებაში, მდგრად დასაქმებასა და აქტიური მოქალაქეობის უზრუნველყოფაში.[ii] კვლევის ავტორების მიხედვით სამივე განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ შორის მჭიდრო კავშირია (მაგ., კურსდამთვარებულების პიროვნული განვითარება პოზიტიურ გავლენას ახდენდეს მათ დასაქმების უნარებსა და აქტიურ მოქალაქეობაზე). უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ისეთი პოლიტიკური დისკურსები, როგორიც არის ცოდნის საზოგადოება, რეგიონალური განვითარება, ინოვაცია და მეწარმოება, ასევე კვეთს ამ სამ განზომილებას: ცოდნის საზოგადოება თავის თავში ცოდნის ეკონომიკას მოაზრებს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მდგრად დასაქმებასთან;  ცოდნა და განათლება კი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდა-განვითარებას, აქტიურ მოქალაქეობას და საბოლოოდ, ინკლუზიური, დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული სამი განზომილება დაკავშირებულია სამ დაინტერესებულ მხარესთან: სტუდენტები და კურსდამთავრებულები, როგორც უმაღლესი განათლების პირდაპირი „მომხმარებლები“; შრომის ბაზარი (დამსაქმებლები), სადაც კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას/უნარებს იყენებენ და წარმოქმნიან  განათლებულ შრომით რესურსს; და ბოლოს, ფართო საზოგადოება, რომელიც მრავალმხრივ სარგებელს იღებს განათლებული მოქალაქეების სახით. ამდენად, უმაღლესი განათლების რელევანტურობა  სამი განსხვავებული (თუმცა, ერთმანეთთან დაკავშირებული) განზომილებისგან და სამიზნე ჯგუფისგან შედგება (იქვე, გვ.13). ცხადია, რელევანტურობის კონცეფცია დაკავშირებულია უგ-ის ხარისხთან. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, მათ იდენტური მნიშვნელობა არ აქვთ. კერძოდ, რელევანტურობა ფოკუსირებულია უმაღლესი განათლების მიზნების განსაზღვრაზე, ხოლო ხარისხი ეხება იმას, თუ რამდენად ახორციელებს უგ-ის სისტემა, კონკრეტული ინსტიტუტი ან აკადემიური პროგრამა ამ მიზნების მიღწევას (იქვე).

კვლევის მონაწილე ქვეყნები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რელევანტურობის რომელ განზომილებას და უგ-ის სამიზნე ჯგუფს ანიჭებენ უპირატესობას. როგორც აღმოჩნდა, მდგრადი დასაქმების განზომილებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რაც ცოდნის ეკონომიკის დომინანტური დისკურსით და პიროვნულ განვითარებასა და აქტიურ მოქალაქეობასთან შედარებით, მისი შეფასება-გაზომვის სიმარტივით  იხსნება. დანარჩენ ორ განზომილებას უფრო ირიბად (იმპლიციტურად) ეხებიან ხოლმე და მოიაზრება, რომ (ორივე) სწავლა-სწავლების პროცესში ავტომატურად ინტეგრირებულია. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ რელევანტურობის კონცეფცია გაცდეს დასაქმების საკითხებს და გაფართოვდეს  (European Union, 2018, გვ.7).

რაც შეეხება უმაღლესი განათლების რელევანტურობის მხარდასაჭერ მექანიზმებს, კვლევის შედეგების მიხედვით ოთხი კატეგორია გამოიყო: რეგულაცია, დაფინანსება, ორგანიზაცია და ინფორმაცია. მაგალითად, ისეთი განზომილების შემთხვევაში, როგორიც არის ინდივიდის პიროვნული განვითარება, ექსპლიციტური მექანიზმი იქნება რეგულაცია, რომლის მიხედვით ეს განზომილება (მისი მიღწევა) აკადემიური პროგრამის აღწერაში სწავლების ერთ-ერთ კონკრეტულ შედეგად განისაზღრება; ორგანიზაციის მექანიზმი შეიძლება წარმოვიდგინოთ სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული, შიდა საუნივერსიტეტო სერვისების ან აქტივობების სახით. დაფინანსების მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სტუდენტების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვის წასახალისებლად, ექსტრაკურიკულური აქტივობების და პროექტების დასაფინანსებლად; მდგრადი დასაქმების შემთხვევაში კი ისეთი აკადემიური მიმართულებების დასაფინანსებლად, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, სტუდენტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, ან ახალი/ინოვაციური სამუშაო სფეროების შესაქმნელად; რეგულაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი და სავალდებულო თანამშრომლობის უზრუნველსყოფად. ინფორმაცია კი, როგორც მექანიზმი, სამივე განზომილების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და პროგნოზებს გულისხმობს; კავშირშია შეფასების ინსტრუმენტების შექმნასა და კვლევის  უზრუნველყოფასთან (იქვე, გვ.8). და ბოლოს, შეკითხვაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი უგ-ის რელევანტურობის სისტემატიური შეფასება ან შესრულების მონიტორინგი, აღნიშნული კვლევითი პროექტის ფარგლებში მისი სამივე განზომილების შესაფასებლად განისაზღვრა და დაჯგუფდა ინდიკატორები, რომელთა შერჩევაც  საერთაშორისო, ღია მონაცემთა ბაზებიდან  განხორციელდა. ეს უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნებისთვის მათზე ხელმისაწვდომობას, ასევე ქვეყნებს შორის შედეგების შედარების შესაძლებლობას (იქვე, გვ. 35-52).

საქართველოსაც რომ მიეღო  კვლევაში მონაწილეობა და ჩვენთვისაც რომ დაესვათ შეკითხვა, თუ რა არის უმაღლესი განათლების რელევანტურობა, მისი განზომილებები და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი ქვეყნის უგ-ის სისტემისთვის?

აქ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, რელევანტურობა უმაღლესი განათლების მიზნების განსაზღვრაზე ფოკუსირდება. კეთილი. ეროვნული უმაღლესი განათლების მიზნების ყველაზე კონსოლიდირებული სახით ხილვა  მხოლოდ უმაღლესი განათლების შესახებ კანონშია შესაძლებელი, სადაც მესამე მუხლის პირველ პუნქტში ნამდვილად და რიხით  ჩამოწერილია:  „ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბება“, „დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის; პიროვნების ინტერესებისა  და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე და კონკურენტუნარიანი პირების მომზადება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა და ა.შ. (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 3, პუნქტი 1).  შემდეგ, ეს მიზნები და მათი განხორციელების გზები ნაწილობრივ ასახულია 2017-2021 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომლის შესრულების ყოველწლიური, ინფორმაციული და გამართული შეფასების ანგარიშის მოძიება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ნაწილობრივ ასახულია მეთქი ვამბობ, რადგან კანონში წარმოდგენილი ის მიზნები, რომელიც კავშირშია იგივე აქტიური მოქალაქეობის განზომილებასთან, 2017-2021 წლის სტრატეგიაში არ იკითხება (გთხოვთ, შემისწოროთ, თუ ვცდები). უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს  შორის შესაბამისობის გაძლიერებაც არ სახელდება დამოუკიდებელ სტრატეგიულ ამოცანად. სტრატეგიაში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ასპექტები (დასაქმებისა და თვითდასაქმების პოტენციალის გაზრდა) უფრო მეტად პროფესიული განათლების კონტექსტშია განხილული და მხოლოდ ზოგად ჭრილში უკავშირდება უმაღლეს განათლებას (იქვე, გვ. 27-29, გვ. 35-38). ისიც უნდა ითქვას, რომ განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერება, მაინც და მაინც, მდგრადი დასაქმების უზრუნველყოფის გარანტია არ არის, რადგან ამ შრომის ბაზარს განვითარების თავისი დინამიკა აქვს და კურსდამთავრებულთა რაოდენობას და სამუშაო პრეფერენციებს არ ერგება. აქვე, უნდა ითქვას, რომ უსდ-ის ავტორიზაციის პირველი სტანდარტის მიხედვით, უსდ-ის მისია უნდა ითვალისწინებს მის როლს „დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრის მომზადებაში, ცოდნის შექმნასა და გაზიარებაში, სტუდენტების პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში“ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, 2018). თუმცა, როგორც ავტორიზაციის, ისე აკადემიური პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებშიც ყველაზე მეტი ყურადღება უგ-ის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობას ეთმობა.

ამ საკითხებზე მრავალმხრივი და ვრცელი დისკუსია ძალიaნ კარგი იქნებოდა, თუმცა, ბლოგის ფორმატიდან გამომდინარე, ასე შევაჯამებდი: არსებული მდგომარეობით, საქართველოს უმაღლესი განათლება ევროკომისიის კვლევით ანგარიშში წარმოდგენილ რელევანტურობას, ყველაზე მეტად, მდგრადი დასაქმების ნაწილში ეხმიანება. თუმცა, სიტყვა „მდგრადი“, ჩვენ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ნამდვილად გადაჭარბებული შეფასება იქნება. დანარჩენი ორი მიმართულება, პიროვნული განვითარება და აქტიური მოქალაქეობა, ძალიან უგულებელყოფილი  მეჩვენება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის უგ-ის რელევანტურობის განზომილებების განსაზღვრა ზუსტად ისე განხორციელდეს, როგორც ამ ბლოგში განხილულ კვლევაშია. თუმცა, იმ აზრს ნამდვილად ვიზიარებ, რომ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემას რელევანტურობის კონცეპტუალიზაცია ნამდვილად ესაჭიროება: ეს არ არის უგ-ის მიზნების ბრმად ან სხვა ქვეყნების იდენტურად, ავტომატურად განსაზღვრა. პირიქით, რელევანტურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლესი განათლების სახელმწიფო  მიზნები, უპირველესად, ქვეყნის რეალური საჭიროებების  დაკმაყოფილებას უნდა პასუხობდეს, იყოს ფუნქციური და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი. დასაწყისისთვის კი, კვლევის ავტორების მიერ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით,  დიდი სიამოვნებით და ინტერესით ჩავატარებდი საქართველოში კვლევას, რომელიც მოსახლეობაში პიროვნულ განვითარებას, მდგრად დასაქმებას და აქტიურ მოქალაქეობას უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში გაზომავდა. ასეთი შეფასება ცხადყოფდა, თუ რა მოცემულობა გვაქვს ახლა და გაგვიადვილებდა იმაზე მსჯელობას, თუ როგორი მოცემულობა გვინდა იყოს მომავალში.  


[i] მიზანმიმართულად ვიყენებ სიტყვა „რელევანტურობას“, რადგან ის გულისხმობს, როგორც შესაბამისობას, ისე მართებულობას. აღნიშნული ანგარიშის კონტექსტში კი ორივე თანაბრად მნიშვნელოვან ცნებად მესახება.   

[ii] პიროვნული განვითარება გულისხმობს და დაკავშირებულია ინდივიდის ფსიქოლოგიური, სოციალური, კოგნიტური ტრანსფორმაციის და განვითარების პროცესებთან. შესაბამისად, უმაღლესი განათლება უნდა უზრუნველყოფდეს ინდივიდის ისეთი უნარებით აღჭურვას, რომელიც მის პიროვნულ ზრდას  ხელს შეუწყობს. თავის მხრივ, პიროვნული ზრდა მოიაზრებს ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის საკუთარი თავის აღქმა, ღირებულებები,  გარემოს მიმართ ნდობა, კეთილდღეობა (არაფინანსური). რაც შეეხება მდგრადი დასაქმების განზომილებას, იგულისხმება, რომ უმაღლესი განათლება სტუდენტებს დასაქმებისთვის და მის შესანარჩუნებლად შესაბამის უნარებს (როგორც დარგობრივს, ისე ტრანსფერულს) უნდა უმუშავებდეს, ადგილობრივი თუ  საერთაშორისო შრომის ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით. აქტიური მოქალაქეობის განზომილება გულისხმობს (ინტერ)კულტურულ უნარებს, მოქალაქეობის გაგებას და განცდას, პოლიტიკურ და კულტურულ წიგნიერებას, და პოლიტიკურ ჩართულობას (მაგ., არჩევნებში მონაწილეობის კულტურა); სხვა სიტყვებით, ისეთ უნარებს, დამოკიდებულებებს და ღირებულებებს (მაგ., ტოლერანტობა), რომელიც ეხმარება ადამიანს, რომ თავის მხრივ, წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში (European Union, 2018, გვ.7-13).

გამოყენებული ლიტერატურა


განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021. ხელმისაწვდომია: http://mes.gov.ge/content.php?id=7755&lang=geo

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23

Kaiser, F., Vukasovic, M., Gwosc, C., Muehleck, K., File, J., Vossensteyn, H., Kolster, R., Seeber, M. Huisman, J. (2018). Promoting the Relevance of Higher Education. European Union.