მარინე ჩიტაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
ბლოგი მომზადდა პროექტის „ბოლონიის გამოწვევები: მაღალპროდუქტიული სამუშაო ძალა და უმაღლესი განათლება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: №FR 18-13966].
რამდენიმე დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი კარლ იასპერსის 2003 წელს ქართულად გამოცემულ პატარა წიგნს ‘უნივერსიტეტის იდეა’. ხელახლა გადავიკითხე და მაშინვე „Forbes.ge“ მარტში გამოქვეყნებული სტატია ‘ასეულობით მილიონი უმაღლეს განათლების სექტორში“ გამახსენდა [https://forbes.ge/aseulobith-milioni-umaghlesi-ganathlebis-seqtorshi/?fbclid=IwAR3X4aNwga6pEKZXfP5sliGp8d2e_Q2eBCHcPfu2MAyhYhfxjMYP2Lg4bEU].
არავისთვის არ არის ახალი, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში შემოსავლიანი ბიზნესია და განსაკუთრებით კი – მედიცინის მიმართულებით უცხოელი სტუდენტების მიერ სწავლების საფასურის ხარჯზე. ეს ‘ნოუ ჰაუ’ ჩვენ არ გვეკუთვნის. უცხოელი სტუდენტები მთელი რიგი ქვეყნების უნივერსიტეტებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მაგალითისათვის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების შემოსავლის თითქმის მესამედი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების მიერ გადახდილი ფულია. საიდან აქვთ ამ სტუდენტებს ეს ფინანსები ცალკე საკითხია და მის განხილვას აქ არ ვაპირებ. სხვა საკითხზე მინდა შევჩერდე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე სხვისი ფულის თვლა.
რა არის დღეს უნივერსიტეტი საქართველოში – ბიზნეს-ორგანიზაცია? თუ სწავლებისა და კვლევის ადგილი, რომელიც ქვეყნის ინტელექტუალური და შემოქმედებითი ელიტის, რაციონალური და კრიტიკულად მოაზროვნე განათლებული ადამიანის მომზადებას ემსახურება? თუ სპეციალისტების მომზადებით და ვიწრო სპეციალური განათლების გადაცემით დაკავებული მაღალი რანგის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ბაზრის მოთხოვნებზეა პირდაპირ მიბმული და მის დაკვეთას პასუხობს?
ალბათ, სამივე ერთდროულად. ბიზნეს ორგანიზაცია რომაა ამაში ზემოთ მოყვანილი სტატიაც საკმარისი მტკიცებულებაა – 2019 და 2020 წლების მიხედვით შემოსავლები ასეულობით მილიონია. ცხადია უნივერსიტეტების სიდიდისა და პროფილის მიხედვით.
სპეციალიზირებული განათლების მიცემასა და პროფესიების მიხედვით მომზადებასაც წარმატებით რომ ართმევს თავს ესეც ფაქტია – ყველაზე უფრო მოთხოვნადი სპეციალობები: იურისპუდენცია, მედიცინა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა [ფინანსები და აუდიტი] თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს. თუ ვინმე იტყვის ეს სპეციალობები ხომ მარტო სპეციფიკურ ცოდნას არ გულისხმობს, არამედ უნივერსალურ განათლებასაცო, ტრადიციული ან თუ გნებავთ შუასაუკუნეების უნივერსიტეტების დარად, მოკრძალებულად მინდა მოვახსენო, რომ იურისპუდენცია და მედიცინა რეგულირებადი პროფესიებია და მათ კურიკულუმში, იგივე სასწავლო პროგრამაში, ე.წ. თავისუფალი დისციპლინების სწავლება საერთოდ არ მოიაზრება. რაც შეეხება სხვა ჩამოთვლილ პროფესიებს ისინიც არ არის განებივრებული ტრივიუმ-კვადრიუმის სწავლებით, თუ საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე ერთი დარგი პროფესიულ მომზადებასთან არ არის დაკავშირებული (ასე მაგალითად, ეკონომისტებს ნადმვილად ასწავლიან კალკულუსს [იგივე არითმეტიკა], მაგრამ ლოგიკისა და რიტორიკის რა მოგახსენოთ?!).
უნივერსიტეტების დანიშნულების შესახებ ამჯერად არსებული მოდური მითი, აუცილებელი ბმა შრომის ბაზარზე, მცირე ადგილს ტოვებს უნივერსიტეტის ძირითადი მისიისათვის – უნივერსალური უმაღლესი განათლების დიდი და მრავალფეროვანი ინსტუტუტი (universitas magistrorum et scholarium – მასწავლებელთა და მკველვართა ერთობა), რომელიც ამზადებს ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობისათვის და ანიჭებს ხარისხებს კურსდამთავრებულებს მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
2008 წელს ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგამ საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ავტორები – ჯოფრი ბოულტონი, ედინბურგის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და მინერალოგიის სკოლის დირექტორის მოადგილე და სერ კოლინ ლუკასი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი. ბოულტონი და ლუკასი საგანგებოდ მიუთითებენ, რომ მზარდია ტენდენცია უნივერსიტეტები განხილული იქნენ როგორც სპეციფიკური საბაზრო ერთეულები, რაც წმინდად უტილიტარული მიდგომის დემონსტრირებაა, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის დანიშნულებას – არა მარტო კვალიფიციური სპეციალისტის, არამედ თავისუფალი და მოაზროვნე მოქალაქის, ადამიანის განსწავლას. ალბათ, აქ უნდა ვეძიოთ ის, რაც საქართველოში თანამედროვე უნივერსიტეტის არსებობის ფუნდამენტური, შეიძლება ამ ეტაპზე ფარული, საფრთხეა – რჩება კი უნივერსიტეტი კვლევისა და სწავლების ადგილად, სადაც კრიტიკულად მოაზროვე და თავისუფალი ადამიანი ყალიბდება?
უნივერსიტეტი, როგორც კვლევისა და სწავლების, ახალი მოთხოვნების მიხედვით კი – დამატებით ინოვაციების განვითარების ადგილი, ძნელად წარმოსადგენია არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც მეცნიერებას სულ რაღაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3%-ით აფინანსებს. სად უნდა ისწავლოს კრიტიკული და რაციონალური აზროვნება თავისუფალმა ადამიანმა და მოემზადოს ცვალებადი გარემოსთვის რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება, როგორც პროფესიული ცოდნის მქონეს თუ არ დავტოვებთ ადგილს, რომელშიც აზრის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ კვლევის და თავისუფალი მსჯელობის შესაძლებლობებით ნარჩუნდება?!