ყოფილი დოქტორანტები

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძემ 2003 წელს დაამთავრა ჰანოვერის უნივერსიტეტი, ევროპულ სწავლებათა მაგისტრის ხარისხით. 2004-2005 წლებში მუშაობდა კორპორაცის რენდის მიერ განხორციელებულ „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარების" პროექტში ანალიტიკოსად. 2005-2009 წლებში იყო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის მეკავშირე ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოში. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული სამხრეთ კავკასიაში ერთიანი საზღვრის მართვის პროგრამის ხელმძღვანელად საქართველოში. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოწვეული ლექტორი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.


დისერტაციის აბსტრაქტი

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ საფრთხე შეუქმნა კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და საქართველოს სამომავლო პერსპექტივას.  2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ არცერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანას აღარ აქვს მისი საზღვრების ურღვევობის გარანტია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრეცედენტს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართალში აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებში. ახალი სუბიექტების აღიარება იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის შემადგენლობაშიც ეს სუბიექტი შედიოდა და შედეგად ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის რღვევა გახდა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ საკითხზე დღემდე ვერ ხერხდება შეთანხმება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

ჩემი დისერტაცია მიზნად ისახავს აღიარების, სეცესიისა და თვითგამორკვევის ნორმების განვითარების კვლევას, საბჭოთა და რუსული პოლიტიკის კვლევას ახალი სუბიექტების აღიარების მიმართ ბოლო ასწლეულის მანძილზე და ახსნას იმისა თუ რატომ აღიარა რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. კვლევა აგრეთვე მიზნად ისახავს გაანალიზოს რუსეთის მიერ აღიარების ნორმის არათანმიმდევრულად გამოყენება მსგავს შემთხვევებში და შეაფასოს იყო თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ სეცესიონისტური სუბიექტების აღიარების საკუთარი, ტრადიციული პოლიტიკიდან გადახვევა.