ბლოგი

ალტერნატიული სივრცე - როგორც ბულინგის, მობინგის და თანატოლებს შორის პრობლემების მოგვარების გზა

მე ბულინგის მსხვერპლი ვარ. მართალია ბავშვობის მერე აღარავის „დავუბულინგებივარ", მაგრამ დღესაც მახსოვს ის რასაც განვიცდიდი. ზოგჯერ იჭრება ბავშვობაში გამოცდილი კოშმარი ჩემს სიზმრებში და მიჩქარდება სუნთქვა, მიოფლიანდება ხელის გულები, ყელის და გულმკერდის მიდამოებში რაღაც მახრჩობს - ბურთი, მრგვალი, ქვის ბურთი. ასე რომ დღესაც მსხვერპლი ვარ, იმის და მიუხედავად რომ მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და თან ყველა „ბულერი" სულ სხვა ქვეყანაში დარჩა, რომელიც ჩვენი პატარა საქართველოდან 4000 კილომეტრით არის დაშორებული. ყოველ ჯერზე ბულინგის გამოცდილებას როდესაც ვუბრუნდები ძალიან მკვეთრად ჩამესმის შემდეგი სიტყვები ყურში - „შე რუსო, რუსო!!! რანაირი ხარ?! მიხატული გაქვს წარბები?!"


შემდეგ მეორე ხმა ჟღერს ჩემს ყურებში რომელიც მთელს დერეფანზე ყვირის - „აი მოდის პატარა, სულელიიი... იმ ქვეყნიდანაა რუქაზეც რომ არაა დატანილი." არაერთი მომენტი მახსენდება, როდესაც მარტო ვზივარ სკოლის სასადილოში, ჩემს გარშემო ცარიელი სკამებია და არცერთი ჩემი თანაკლასელი ჩემს გვერდით არ ჯდება. ხოლო როდესაც ვთავაზობ რომ გვერდით მომიჯდნენ, უარით მეცლებიან - თურმე მოსაწყენია ჩემს გვერდით ჯდომა, საკმარისად კარგად ვერ ვლაპარაკობ მათ ენაზე და თანაც მეორადებში ნაყიდი ჯემპერი მაცვია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს 20 წლის მერეც მწყინს და მტკივა და აწ უკვე გაზრდილ, განვითარებულ, შემდგარ ქალს მაინც გული მეკუმშება როდესაც იმ პატარა გოგოს ვიხსენებ სკოლაში შესვლის წინ დიდხანს რომ ყოყმანობს, ღრმად სუნთქავს და გულში ღმერთს ევედრება - ნეტავ საერთოდ ვერ დამინახონ რომ შევალ!

როგორც ფსიქოლოგი ჩემს გამოცდილებას მობინგის მსხვერპლობას ვუწოდებდი. ბულინგიც და მობინგიც ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას წარმოადგენს, რომელსაც ბავშვები ახორციელებენ თანაკლასელის ან თანატოლის მიმართ. ბულინგის და მობინგის მიზანი ერთია - სიტყვიერად, ფიზიკურად ან ემოციურად დაამცირო ინდივიდი, მიზანმიმართულად დააზიანო, აწყენინო და თავი სუბორდინირებულად აგრძნობინო. ბულინგის დროს ერთი მეორეს ამცირებს. შესაბამისად ერთი მოძალადეა, ხოლო მეორე მსხვერპლი. მობინგის დროს კი კოლექტიურ ძალადობასთან გვაქვს საქმე. როდესაც ინდივიდების მთელი ჯგუფი „აბულინგებს" რომელიმე ერთ ინდივიდს. შედეგი ორივე შემთხვევაში შესაძლოა იყოს მძიმე და ბულინგისა თუ მობინგის მსხვერპლის პიროვნული განვითარების ტრაექტორია ნეგატიური მიმართულებით წარმართოს. რას ვგულისხმობ? ვეცდები უკეთ ავხსნა.


ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა იმის თაობაზე თუ რატომ არ გამაბოროტა ბულინგის ნეგატიურმა გამოცდილებამ სკოლაში? რატომ არ გამიჩნდა უნდობლობა ადამიანების მიმართ. რატომ არ ვარ საკუთარ თავში ჩაკეტილი, უსუსური, დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდი. პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ მე მქონდა რესურსი! და რესურში ვგულისხმობ როგორც ინდივიდუალურ ისე სოციალური რესურსების - იმ შინაგანი და გარე საშუალებების ერთობლიობას რასაც ვეყრდნობოდი და რაც მეხმარებოდა ნეგატიურ გამოცდილებასთან გამკლავებაში.

ინდივიდუალური რესურსებიდან - მოთმინება, კოგნიტური ინტელექტის მაღალი დონე და ზოგადად ლაღი და პოზიტიური ბუნება ებრძოდა ნეგატიურ გამოცდილებას. ხოლო ამ ინდივიდუალური რესურსების გაღვივება-განვითარება კი რათქმაუნდა გარე რესურსების საშუალებით - ჩემი მიკრო და მაკრო სოციუმის აქტიური ურთიერთქმედებით ხდებოდა.
ოჯახი, სამეგობრო, ის სოციალური წრე რომელიც ჩემს გარშემო იყო მობილიზებული წარმოადგენს იმ რესურსთა სიმრავლეს რომელმაც ჩემს პიროვნულ განვითარებაში და თავისუფალ, ლაღ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ითამაშა გადამწყვეტი როლი. მარტივად რომ ვთქვათ გამიმართლა. იყო მოსიყვარულე და მზრუნველი დედ-მამა, და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი ვისი იმედიც მე ყოველთვის მქონდა. ყოველთვის არსებობდა სკოლის გარემოს ალტერნატივა - სხვა სივრცე - უსაფრთხო და კომფორტული სადაც მზრუნველი ადამიანები მხვდებოდნენ, თანადგომას და სიყვარულს მჩუქნიდნენ და შესაბამისად საშულება მეძლეოდა ჩემი ნეგატიური გამოცდილების განეიტრალებისა. მართალია ბულინგმა 25 წლის მერეც დატოვა კვალი, იმ თვალსაზრისთ რომ ეს გამოცდილება მახსოვს და მეხსომება, მაგრამ რაც მთავარია არ იმოქმედა ჩემი თვითშეფასების, ექსპრესიულობის, მოტივაციის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი კოგნიტურ-ემოციური თუ ფუნქციური უნარების განვითარებაზე.


დიახ, მე გამიმართლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა მრავალ ბავშვს, ჩემსავით გაუმართლებს. ამიტომ მხოლოდ გამართლების იმედად არ უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმ ბავშვების სიტუაცია, ვისაც საჭირო რესურები არ გააჩნია. ამ ბავშვების შემთხვევაში ბულინგს შესაძლოა წარმოუდგენლად ნეგატიური გავლენა ქონდეს. მაგ. ბავშვები დისფუნქციური ოჯახებიდან, სადაც არ არსებობს უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი ვერ ახერხებს რეალიზებას, სადაც შესაძლოა მშობლების არასწორი მოპყრობის გამო ბავშვის ყველა განცდა, შიში თუ მხარდაჭერის სურვილი უგუველყოფილი იყოს. ასეთ დროს ბავშვი გამოუვალ მდგომარეობაშია, ის ვერცერთ მნიშვნელოვან სივრცეში - ოჯახი და სკოლა - ვერ გამოდის მსხვერპლის როლიდან. აღარ ჩამოვთვლი და ჩავუღრმავდები ამას რა გართულებები შეიძლება მოყვეს. უბრალოდ სიტუაციასთან გამკლავების ერთერთ მექანიზმზე მინდა გავამახვილო ყურადღბა. ეს მექანიზმი სკოლებში რესურსული სივრცის არსებობის შექმნას გულისხმობს, რომელიც ჩემი აზრით როგორც ბულინგის ისე სხვა მრავალი პრობლემის როგორც ინტერვენციის ისე პრევენციის ერთერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოში სკოლა კოგნიტური უნარების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, და ჩემი დაკვირვებით მეტწილად (თუ არა სრულად) აკადემიურ მოსწრებაზეა ორიენტირებული. ხოლო თანატოლებს შორის არსებული პრობლემების (როგორიცაა ბულინგი, მობინგი და მრავალი სხვ.) აღმოფხვრის ალტერნატივად კი მხოლოდ მანდატურის სამსახურს მოიაზრებს. კი ბატონო, მანდატური არეგულირებს სიტუაცას. ფსიქოლოგების ენაზე რომ ვთქვათ სიმპტომებს ებრძვის - ებრძვის ძალადობას და ჩაგვრას - წესრიგს ამყარებს. მაგრამ ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ სიმპტომთან ბრძოლით პრობლემას ვერ აღმოფხვრი. მე მჯერა რომ ჩაგვრისა და დისკრიმინაციის სურვილი არის იქ სადაც პიროვნულ განვითარებაში (რომელიც გულისხმობს კოგნიტურ, ფიზიკურ და ემოციურ განვითარების ერთობლიობას) პრობლემებია. არასწორი აღზრდა, ძალადობრივი მოპყრობა, უგულველყოფა, არასწორად ჩამოყალიბებული ფასეულობები და ცხოვრებისეული ხედვა, სისუსტის და უსარგებლობის განცდა, ეს ის ფაქტორებია რომელიც მოძალადეს ე.წ. „ ბულერ" ბავშს და მსხვერპლს ერთნაირად შეიძლება ქონდეს წარმოდგენილი და უბრალოდ განსხვავებულად ოპერირებდნენ. ერთი იჩაგრებოდეს, მეორე კი სხვას ჩაგრავდეს, საკუთარ პრობლემებს, შიშებს, ბრაზს, აგრესიას, სხვაზე მიმართავდეს. შესაბამისად საჭირო პიროვნული და სოციალური რესურსების გამომუშავება-განვითარებაზე ორიენტირებული ალტერნატიული სივრცე, რომელიც არც აკადემიურ და არც წესრიგის დამყარებაზე ორიენტირებულ სივრცეს არ გავს სკოლისთვის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

თავისუფალი, დაცული გარემო, სადაც გამოცდილი პროფესიონალების გუნდი ბავშვებს და მოზარდებს იმ საჭირო რესურსებს შესთავაზებს რაც შესაძლოა აკლიათ და აგრეთვე პიროვნული რესურსების გაღვივება-დახვეწვაში დაეხმარება. სხვადასხვა შემოქმედებითი, პიროვნულ ზრდასა და ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების ინტეგრირება აკადემიურ კურიკულუმში თანატოლებს შორის პრობლემების წარმოშობის ერთგვარ პრევენციას წარმოადგენს. ხოლო წარმოშობილი პრობლემის შემთხვევაში კი გადაჭრის სხვადასხვა, ნაკლებად საშიშ და რაც მთავარია თანასწორუფლებიანობაზე ორიენტირებულ გზებს გააცნობს.

რათქმაუნდა ბულინგი ისევე როგორც სხვა მრავალი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრება, და ყველა საზოგადოებაში, ყველა თაობაში და სივრცესი იარსებებს მოძალადეც და ჩაგრულიც. უბრალოდ სკოლის მიერ ბულინგის და მსგავს პრობლემებთან გამკლავების მექანიზმის შემუშავება იმის ალბათობას ზრდის რომ როგორც მეტი „დაბულინგებული" -ს ისე მეტი „ ბულერი"-ს შემთხვევაში საჭირო რესურსების შეთავაზებით პიროვნული ზრდა-განვითარება სწორი ტრაექტორიით წარიმართოს და საბოლოოდ სკოლის დასრულების შემდეგ ჯანსაღ, თავისუფალ და მოტივირებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.