ბლოგი

სატელევიზიო გართობა - თამაშის წესები

სოფო ვასაძე

ქართული მედია შემეცნებითი, ანალიტიკური და ინტელექტუალური გადაცემების დეფიციტს რომ უჩივის ნათელია. ანალიტიკური და შემეცნებითი გადაცემების ნაკლებობას კი იმ მოსაზრებით ხსნიან, რომ საქართველოში ადამიანებს უფრო მეტად ესაჭიროებათ განტვირთვა და დასვენება [?!]. 2008-2010 წლებში BCG Research კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9500 რესპონდენტმა, აჩვენა მოსახლეობის პრიორიტეტები სასურველ გადაცემებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით მოსახლეობას სურს იხილოს მეტი სატელევიზიო სერიალი, გასართობი და მუსიკალური გადაცემა, რაც ისედაც სატელევიზიო გადაცემების რეიტინგის პირველ სამეულს შეადგენს, ხოლო საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები რეიტინგში მე-10 და მე-13 ადგილებს იკავებენ. http://commersant.ge/index.php?id=524

მოსახლეობის ,,დაკვეთას'' რამდენიმე გასართობი თოქ-შოუ ასრულებს: ,,პროფილი'', ,,100 გრადუსი ცელსიუსით'', ,,ნანუკას შოუ'', ,,ქალური ლოგიკა'', ,,ხანუმა'' და ა.შ. ამ გადაცემების ერთ-ერთი საყვარელი თემა კი სწორედ გენდერული საკითხებია, რაზეც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
,,ქალური ლოგიკის'' ,,ღრმა'' ჩანაფიქრი გულისხმობს ძირითადად ქალების სასაცილოდ და უვიცებად გამოყვანას, ხოლო კაცები კი მათი შემფასებლები არიან. ქალების სულელურმა პასუხებმა უნდა გაართოს და გააცინოს მაყურებელი; ამ გადაცემით კიდევ უფრო მყარდება სტერეოტიპი - ,,ქალი სულელია'' და კაცები ერთად ერთობიან სულელ ქალებზე. ,,ხანუმაში'' გადაცემის სამი წამყვანი: ლელა წურწუმია, ეკა კახიანი და ნინო ხომერიკი ქმნიან სტერეოტიპს, თუ როგორი უნდა იყოს ,,სასურველი სასიძო და სარძლო'', ხოლო გადაცემაში ლელა წურწუმია კი ძლიერი ქალის ეტალონად გვევლინება. თოქ-შოუში „100 გრადუსი ცელსიუსით" რამდენიმე გადაცემა გენდერულ თემატიკას ეძღვნებოდა და გენდერის საკითხებში მთავარ ექსპერტად მოწვეული იყო მსახიობი გივი სიხარულიძე [!]. გასართობი თოქ-შოუების დახასიათება უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს...
ჩემი აზრით, ქართული მედია აბსოლუტურად ინდიფერენტულია შემეცნებითი და ინტელექტუალური თემების პოპულარიზაციის მიმართ. საზოგადოების მიერ ,,შეკვეთილი'' გასართობი გადაცემები გენდერული სტერეოტიპებით, ,,კლიშეებით'' მანიპულირებს, იზიდავს მაყურებელს და ქართულ საზოგადოებაში ისედაც მყარად არსებული პატრიარქალური ღირებულებების გაძლიერებას უწყობს ხელს.
თოქ-შოუები, რომლებიც ამზადებენ გადაცემებს გენდერულ საკითხებზე, სკანდალურ, ზედაპირულ და ვულგარულ ელფერს აძლევენ რეალურად მწვავე საკითხებს. მწვავე და სკანდალური საკითხებით სპეკულირება და მაყურებლის მოზიდვა ქართული მედიისთვის უკვე ჩვეული სტერეოტოპული ქცევა გახდა. შედეგი კი თემის გაუბრალოებაა. მედიაში განიხილავენ ადამიანის პირად ცხოვრებას, აღძრავენ მის მიმართ სიბრალულს, გადაცემის საბოლოო მიზანი კი სხვისი ტრაგედიის მოსმენით მაყურებლის გართობა და მისი დროის "მოკვლაა". აი, რაც შეეხება პრობლემაზე დაფიქრებას და მის გააზრებას..... რა საჭიროა?!

ამ ,,მსუბუქ'' ფონზე, არსად ჩანს და იგნორირებულია საქართველოში აქტიურად მომუშავე ქალთა ორგანიზაციების საქმიანობა, ოჯახში ძალადობის უმწვავესი საკითხი, სექსუალური ძალადობა ქალებზე, სოფლად მცხოვრები ქალების და გოგონების პრობლემები, ქალების დეკრეტის საკითხი, მარტოხელა დედების პრობლემები, მარგინალურ ჯგუფებს მიკუთვნებული ქალების პრობლემატიკა, ქალთა ჩართულობის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, რისი გაშუქებაც ისევ და ისევ ქვეყნის და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს; იმის მაგივრად, რომ მედიამ აქტიურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გენდერული თანასწორობის ცნების შესახებ, ამ თემაზე სასაუბროდ მოიყვანოს კომპეტენტური და ინფორმირებული ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე, მედია ეთერს უთმობს უამრავ უცხოურ თუ ქართულ სერიალს, გასართობ გადაცემას, რომელიც ისევ და ისევ დილეტანტურ, ზედაპირულ და არაჯანსაღ მესიჯებს გზავნის.
ჩვენ ხომ ვცდილობთ დასავლურ სამყაროს დავუახლოვდეთ?! ამ პროცესის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა სრულად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია გენდერული თანასწორობის იდეის შესახებ, რაც დასავლური კულტურის მონაპოვარია და ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხზე და განვითარებაზე მიუთითებს. ნამდვილად საჭიროა, რომ აქტიურად შუქდებოდეს - რა არის გენდერული თანასწორობა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი საზოგადოების განვითარებისთვის, რატომ არ უნდა გვეშინოდეს და ვუფრთხოდეთ გენდერულ თანასწორობას, რომ ის არ ახდენს მამაკაცის ,,დაჩაგვრას'' და ქალის ,,გაბატონებას'', პირიქით, ადამიანთა თანასწორობას უწყობს ხელს; რომ გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებს და პასუხისმგებლობებს ქალებისა და მამაკაცებისათვის, რაც ნამდვილად არ მოახდენს ქართული იდენტობის, ქართველი ხალხის გადაგვარებას...
თითქოს მარტივია არა? liberty, equality, fraternity, თუმცა ამ იდეის ქართული ვარიანტი ასე გამოიყურება - თოქ-შოუ „პროფილი" - მცირე მონაკვეთი თემაზე ,,ვარსკვლავური ქორწილი'', სადაც ხალხისთვის საყვარელი და ცნობილი ადამიანი თავის მეუღლესთან ერთად ესტუმრა ,,პროფილის'' სტუდიას; როდესაც ცნობილმა სტუმარმა საუბარი დაიწყო, წამყვანმა ღიმილით ჰკითხა სტუმრის მეუღლეს:
- თქვენს ოჯახშიც ძირითადად №1 საუბრობს, ხომ?
- რა თქმა უნდა, - ღიმილით უპასუხა მეუღლემ - უპირატესობა აქვს.
- რატომაც არა, ეგრეა წესი - დაეთანხმა სტუმარი.
შემდეგ კი სტუმარმა დაიწყო მოყოლა, თუ როგორ მოიტაცა მეუღლე [!!!]. საუბრისას იუმორისტის მეუღლემ წყენა გამოხატა - როდესაც მომიტაცა, სიყვარული არ აუხსნია ჩემთვისო, წამყვანმაც მეუღლეს თანაუგრძნო და იუმორისტს მსუბუქად უსაყვედურა - ხომ ხედავთ, ნაწყენია თქვენზეო, ხოლო იუმორისტმა ნაძალადევი ღიმილით უპასუხა: - წყენა კი არა, ამას მივიყვან სახლში... - რასაც დარბაზის ტაში მოყვა.
ამ ხუმრობასა და სიცილში სწორედ ქალის მიმართ ძალადობრივი მესიჯი გაისმა: ,,წყენა კი არა, ამას მივიყვან სახლში...''- საზოგადოებისთვის საყვარელი იუმორისტი ასეთ მაგალითს გვაძლევს, რომ ქალის მოსაზრებას მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭო და მამაკაცმა ქალს, თუ საჭიროა, "ჭკუაც უნდა ასწავლო", იმიტომ რომ ასეთია წესი ... [სადაური და როდინდელი ეგებ ვინმემ აგვიხსნას?!} ისიც აღსანიშნავია, რომ მეუღლის მოტაცების ისტორიას, რომელსაც, რა თქმა უნდა, სტუმარი ამაყი სახით ყვებოდა, მეუღლე და წამყვანი მომღიმარი სახეებით უსმენდნენ, დარბაზი კი ყველას ერთად ტაშით ამხნევებდა...
ასე და ამგვარად, ყველაზე პოპულარული გადაცემა რომანტიულად ატირებული წამყვანით, სტუმრებით და დარბაზით მარტივ მესიჯს აგზავნის - პირველი კაცია, მას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო მეუღლეს ხმის ამოღების უფლება თუ მისცა, ეს უკვე ბედნიერებაა...
კვლევები იმასაც აჩვენებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 92% სწორედ ტელემედიიდან იღებს ინფორმაციას და მას 50%-ზე მეტი ენდობა. http://ghn.ge/news-69764.html ამ ფონზე, როგორ გინდათ, რომ სტერეოტიპებს კრიტიკულად შევხედოთ? სამწუხაროდ, სანამ მედია არ შეცვლის თავის წესებს, გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში, რომელიც ევროინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, საკმაოდ პრობლემატური იქნება.