პუბლიკაციები

"საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში"

ია კუტალაძე, სექტემბერი 2012

ჩამოტვირთვა


ათ წელზე მეტია, რაც საქართველოს განათლების სისტემაში ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმა შეეხო საშუალო განათლების ყველა სფეროს (სასწავლო გეგმები და პროგრამები, შეფასების სისტემა, სკოლის მართვა, მასწავლებელთა სერტიფიცირება, სახელმძღვანელოები და სხვ.), ცვლილებები შეეხო უმაღლესი განათლების სისტემასაც. საზოგადოდ, ასეთი მასშტაბური რეფორმები წარუმატებლობისაგან დასაზღვევად პროცესის სისტემატურ მონიტორინგსა და ცვლილებების ეფექტიანობის შეფასებას მოითხოვს. 

2006 წლიდან საქართველომ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო კვლევაში, რომლებსაც მსოფლიოს საგანმანათლებლო სფეროში კარგად ცნობილი საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) უძღვება. IEA-ს კვლევები ციკლურად რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება და სასწავლო პროცესის პროგრესის შეფასების საშუალებას იძლევა. საერთაშორისო შეფასების შედეგების ანალიზი მკაფიოდ ავლენს ამა თუ იმ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს და კარგ საფუძველს ქმნის იმის გადასაწყვეტად, თუ რა და რატომ არის შესაცვლელი თუ დასახვეწი სწავლისა და სწავლების პროცესში. ეს არის დიაგნოსტიკური ხასიათის კვლევები, რომლებიც აღწერს სისტემაში არსებულ პრობლემებს. როცა ზუსტად არის ცნობილი, თუ რა ხარვეზები აქვს სასწავლო პროცესს, გაცილებით ადვილი ხდება მათი აღმოფხვრა.