განათლებისა და განვითარების პროგრამა იურიდიული სტატუსის ცვლილება და უნივერსიტეტები საქართველოში: სტატუს კვო და სტრატეგიული გეგმის პერსპექტივები

ლიკა ღლონტი, ივნისი, 2012

დღეს არავინ დაობს უმაღლესი განათლების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის განვითარებაში. უფრო მეტიც, უმაღლესი განათლების შესახებ რიტორიკა სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე ამყარებას იმედებს. ამ კონტექსტში განვითარებადი და ახალი ქვეყნებისათვის უმაღლესი განათლება სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნე ხდება კონკრეტული ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლის საქმეში. საქართველოს უმაღლესი განათლება 2004 წლის 21 დეკემბრის უმაღლესი განათლების ახალი კანონის მიღების შემდეგ სერიოზული ტრანსფორმაციის ობიექტია და ეს პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა. ამ ხნის განამვლობაში უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები იშვიათად ყოფილა სერიოზული სისტემური შეფასების საგანი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ და კიდევ უფრო ნაკლებად მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ასპარეზი. წინამდებარე კვლევის მიზანია რამდენიმე უნივერსიტეტის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე გამოვყოთ საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი ტენდენციები და ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობები.